ნატო ჩხეიძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ 9 აპრილის დაწესების ინიციატივით გამოდის
ნატო ჩხეიძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ 9 აპრილის დაწესების ინიციატივით გამოდის

დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისის გაუქმებას კანონმდებლობის დონეზე ითხოვს.

ნატო ჩხეიძემ შესაბამისი ცვლილებები „შრომის კოდექსში” მოამზადა, რომლის ინიცირება 22 აპრილის ბიუროს სხდომაზე მოხდება. დეპუტატი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 9 აპრილს დაწესდეს.

„სახელმწიფოს მყარი ორიენტაციები საუკუნეების მანძილზე ყალიბდება, სახელმწიფო სიმბოლოებთან და სახელმწიფო ატრიბუტიკასთან ერთად. ეროვნულ სადღესასწაულო დღედ ისეთი თარიღი დგინდება, რომელიც სიმბოლურად ახალი სახელმწიფო წყობის მისწრაფებებს წარმოაჩენს და ქვეყნის სამომავლო პერსპექტივას მკაფიოდ განსაზღვრავს. 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ისტორიის გადაკეთების მცდელობაა, რადგან 26 მაისი არ შეიძლება იყოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სწორედ იმიტომ, რომ 26 მაისს საქართველოს დღევანდელი სახელმწიფო არ დაფუძნებულა.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგა. დაახლოებით სამწლიანი დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობა 1921 წლის 25 თებერვალს შეწყდა, როდესაც ბოლშევიკურმა რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია ისევ განახორციელა და ფაქტობრივად, 70 წლის განმავლობაში საქართველოს რესპუბლიკა საბჭოთა რუსეთის კოლონია იყო. 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა კვლავ მოიპოვა, რაც საქართველოს კონსტიტუციაში ასახულია კიდეც,” – აღნიშნული კანონპროექტში.