ნათია თურნავას განცხადებით, „ნამახვანჰესის“ ზედამხედველობისთვის დამოუკიდებელი საბჭო შეიქმნება
დაგეგმილია, შეიქმნას დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც შედგება მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველი ექსპერტებისგან და მათ შორის, იმ ადამიანებისგან, რომლებიც „ნამახვანჰესის“ მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. საბჭო ზედამხედველობას გაუწევს პროექტს იმისთვის, რომ საბოლოოდ გამოირიცხოს მის უსაფრთხოებაზე რაიმე ეჭვები, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ქუთაისში, სადაც გარემოს დაცვის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან ერთად იყო ჩასული.
თურნავას განცხადებით, ყველა ახალი ინიციატივა, რომელიც „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით მომზადდა, ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებს და ადგილობრივი მოსახლეობის, მათი ნდობით აღჭურვილი სპეციალისტებისა და ექსპერტების მეტ ჩართულობას უზრუნველყოფს პროექტის განხორციელების პროცესში.
„ნამახვანჰესი“ არ არის პროექტი, რომელიც ეკუთვნის ერთ რომელიმე კომპანიას. მიუხედავად იმისა, რომ ჰესს უცხოელი ინვესტორი აშენებს, ეს არის ქართული პროექტი, საქართველოს კუთვნილი ენერგეტიკული ობიექტი, ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების საერთო სიკეთე, რომელსაც ყველა ერთად შევქმნით“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.