ნათია თურნავას განცხადებით, 2020 წელს დაგეგმილია 13 ახალი ენერგეტიკული ობიექტის, მათ შორის რვა ჰესის მშენებლობის დაწყება
ნათია თურნავას განცხადებით, 2020 წელს დაგეგმილია 13 ახალი ენერგეტიკული ობიექტის, მათ შორის რვა ჰესის მშენებლობის დაწყება

მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, ენერგეტიკის სექტორი ვითარდება და მომავალი წლიდან რამდენიმე ისტორიული პროექტი ამოქმედდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 2019 წელს დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა ექვსი ახალი ჰესი, დადგმული სიმძლავრით 58 მგვტ, რომლებშიც ჯამში 80 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდა.

„რაც შეეხება მომავალ წელს, დაგეგმილია 14 ახალი ჰესის და ერთი თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლა, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 500 მეგავატამდე იქნება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამოქმედდება ისტორიული პროექტები – შუახევჰესი დასრულდება და შევა ექსპლუატაციაში; დაიწყება ნამახვანჰესის მშენებლობა; ნენსკრაჰესი კი, ძირითად სამშენებლო ეტაპზე გადავა“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, 2020 წელს ჯამში დაგეგმილია 13 ახალი ობიექტის, მათ შორის რვა ჰესის მშენებლობის დაწყება. ნათია თურნავას განცხადებით, ამ ჰესებს შორისაა ნამახვანჰესი.

„ძალიან კომპლექსური პროექტია და მინდა აღვნიშნო, რომ რაც მთავარია, მიმდინარეობს საჯარო განხილვები ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე, ძალიან აქტიურ ვითარებაში. მიხარია, რომ ჩვენ თანდათან, შევძელით, შევცვალეთ ტენდენცია და გვაქვს სერიოზული წინსვლა, რომ ზედმეტი ხმაურის და ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე მოხდეს განხილვები“, – განაცხადა ნათია თურნავამ. რაც შეეხება „ხადორი სამს“, ეს არის განსხვავებული შემთხვევა და როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, პროექტის მშენებლობა არ განახლდება,  ვიდრე არ იქნება უმაღლესი დონის კონსენსუსი მოსახლეობასთან“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ყველა პროექტთან მიმართებაში, უფრო მეტი ყურადღება ექცევა მოსახლეობის სოციალურ მოთხოვნებს, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, ასევე ინვესტორს უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღება უწევს.

„2018-2019 წელი იყო ამ გამოცდილების დაგროვების წელი. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ეს გამოცდილება, ეს ცოდნა შევიძინეთ, როგორ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს და ეს ტენდენცია უკვე გადატეხილია არსებითად. აქედან გამომდინარე, იმის თქმა, რომ ენერგეტიკაში რაღაც დიდად გაპრობლემდა, არასწორი იქნება. მოვახერხეთ და გარდავტეხეთ ტენდენცია. ამ სექტორში წინსვლა არის ენერგეტიკაში განხორციელებული რეფორმების შედეგი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის კომენტარი ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა.