ნათია თურნავამ „ევროპულ საქართველოს“ მიმართა - თქვენს მთავრობაში ვიყავი და ვნახე, როდის შეეშვით რეფორმებს და დაიწყეთ ბიზნესის ტერორი
ნათია თურნავამ „ევროპულ საქართველოს“ მიმართა - თქვენს მთავრობაში ვიყავი და ვნახე, როდის შეეშვით რეფორმებს და დაიწყეთ ბიზნესის ტერორი

წინა ხელისუფლების დროს, 2006-წლამდე ვმუშაობდი ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე და ეს ძალიან მეხმარება დღეს თქვენს შეფასებაში, რადგან დავინახე, როდის დაანებეთ საერთოდ თავი რეფორმებს და გადახვედით ბიზნესის ტერორზე, – ასე მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრებს.

„წინა ხელისუფლების დროს ვმუშაობდი სახელმწიფო თანამდებობაზე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე, მაშინაც ვემსახურებოდი ჩემს საქმეს, 2006 წლის ნოემბრამდე. სხვათა შორის, ეს ძალიან მეხმარება დღეს თქვენს შეფასებაში. 2006 წლის ნოემბრამდე მანდ ვიყავი, დავინახე წყალგამყოფი, როდის დაანებეთ თქვენ საერთოდ თავი რეფორმებს და როდის გადახვედით ბიზნესის ტერორზე. ამიტომ სრულიად თამამად შემიძლია ეს შეფასება გავაკეთო. არაეფექტურ პროგრამებზე რომ საუბრობთ, არაეფექტური პროგრამების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი არის ის, რომ სახელმწიფო რკინიგზას აჰკიდეთ, ასე ვთქვათ, უკაცრავად ჟარგონისთვის, 500 მილიონი დოლარის ვალი, სესხი ორი ურთიერთგამომრიცხავი პროექტის შესასრულებლად. ერთი მხრივ, მოდერნიზაცია, რომელსაც ჩვენ დღეს ვამთავრებთ და ეს არის რკინიგზის გამტარუნარიანობის გაფართოება და მეორე მხრივ, თბილისის შემოვლითი რკინიგზა, რომელიც პირიქით, ამცირებდა ამ გამტარუნარიანობას – ამას ერთდროულად აფინანსებდით. ასევე, არაეფექტური პროგრამების მაგალითი არის პომპეზური შენობები, რომელიც ახლა დღესაც ჩვენ საპრივატიზებოდ გვაქვს. რთულად თუ მოიძებნება ფუნქციონალი, რითი დავტვირთოთ. ამასთან დაკავშირებით თავის დროზე, ძალიან ძვირი დაჯდა საბიუჯეტო ხარჯებიდან ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების გაღებული ხარჯები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.