ნათია თურნავა - ზრდის ციფრებზე მნიშვნელოვანია, როგორ იგრძნობს თითოეული ოჯახი  ეკონომიკის ზრდას
ნათია თურნავა - ზრდის ციფრებზე მნიშვნელოვანია, როგორ იგრძნობს თითოეული ოჯახი ეკონომიკის ზრდას

საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ჩვენს რეგიონში ერთ–ერთი ყველაზე დინამიურია და უახლოეს ათწლიან პერსპექტივაში, სხვადასხვა შეფასებით, ის გადააჭარბებს წლიურ ხუთ პროცენტს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მიუხედავად მაღალი მაჩვენებლისა, სამთავრობო გუნდი, გეგმავს გაატაროს ყველა ღონისძიება, რომ უფრო მეტად მოხდეს ყველა აუთვისებელი რესურსის ჩართვა ეკონომიკურ ზრდაში.

​„საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ჩვენს რეგიონში ერთ–ერთი ყველაზე დინამიურია და უახლოეს ათწლიან პერსპექტივაში, სხვადასხვა შეფასებით, ის გადააჭარბებს წლიურ ხუთ პროცენტს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. არაერთხელ თქმულა, რომ ეს არ არის საკმარისი და ჩვენ სამთავრობო გუნდი, ვგეგმავთ გავატაროთ ყველა ღონისძიება იმისთვის, რომ უფრო მეტად ჩავრთოთ ყველა აუთვისებელი რესურსი ეკონომიკურ ზრდაში და მეტად გამოვიყენოთ ეკონომიკური ზრდის შემდგომი დაჩქარების რესურსი, თუმცა დამეთანხმებით, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის კონკრეტული ზრდის ციფრების დასახელებაზე მეტად მნიშვნელოვანია, როგორ იგრძნობს თითოეული ოჯახი ამ ზრდას, როგორ მივიტანთ მას თითოეულ ადამიანამდე.

ეკონომიკის სამინისტროს ხედვა და დაწყებული სახელმწიფო პროგრამები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სიღარიბის დაძლევაში, არის ის პროგრამები და ინფრასტრუქტურა, რომლის განხორციელება დინამიური, სტაბილური ეკონომიკური ზრდის ფარგლებში გახდა შესაძლებელი. ჩვენ გვაქვს ფუფუნება, რომ ამ ხუთპროცენტიანი ზრდის ფარგლებში თანხები ჩავდოთ და სახელმწიფომ განახორციელოს ინვესტიცია, არა მხოლოდ მაგისტრალურ ინფრასტრუქტურაში, რაც ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს განვითარებული, არამედ იმ ინფრასტრუქტურაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს მთელ საქართველოს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.