ნათია თურნავა - ყველაზე დიდი რისკი, მათ შორის ტურისტული ინდუსტრიისთვის, კვლავაც პანდემია რჩება
ნათია თურნავა - ყველაზე დიდი რისკი, მათ შორის ტურისტული ინდუსტრიისთვის, კვლავაც პანდემია რჩება

ყველაზე დიდი რისკი, მათ შორის ტურისტული ინდუსტრიისთვის კვლავაც პანდემია რჩება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიასთან დაკავშირებული ფაქტორი ყოველთვის იქნება მხედველობაში მისაღები.

„თუკი დღეს ვსაუბრობთ გარკვეული ჯავშნების გაუქმებაზე, რომელიც ნამდვილად არ ატარებს მასობრივ და მასშტაბურ ხასიათს, სასტუმროები საკმაოდ დატვირთულია. აქ მთავარი ფაქტორი იყო, მაგალითად ის, რომ ისრაელთან რაღაც პერიოდი შეწყდება ტურისტების მიმოსვლა, რადგან გარკვეულწილად იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა. მხოლოდ პანდემიასთან დაკავშირებული ფაქტორი არის ის, რაც ყოველთვის იქნება მხედველობაში მისაღები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ყველაფერს აკეთებენ, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ მიეცეთ შესაძლებლობა, შეარყიოს პოლიტიკური და მაკროეკონომიკური სტაბილურობა.

„რაც შეეხება 5 ივლისს და ზოგადად პოლიტიკურ ფონს, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება და ჩვენ ამას მოვახერხებთ. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არც ერთ ძალას არ მივცეთ უფლება, შეარყიოს პოლიტიკური და მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ვხედავთ, რომ მთლიანობაში საზოგადოება ამას საკმაოდ ჯანსაღად ეკიდება, მათ შორის ბიზნესსუბიექტები. ეკონომიკა და ექსპორტი იზრდება. ტურიზმი კვლავაც მოწყვლადი დარგი რჩება პანდემიის პირობებში. ეს არის მრავალმხრივი პროცესი და მარტო ჩვენზე არაა დამოკიდებული. თუმცა ჩვენ ბევრი სხვა დარგი გვაქვს, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება, ქართული წარმოება და ექსპორტი, რომლის ხარჯზეც პირველ რიგში, მოხდება მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.