ნათია თურნავა - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა პოსტკოვიდურ პერიოდში, რაც შეიძლება მეტი იაპონელი ინვესტორი დავაინტერესოთ და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები
ნათია თურნავა - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა პოსტკოვიდურ პერიოდში, რაც შეიძლება მეტი იაპონელი ინვესტორი დავაინტერესოთ და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები

საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ურთიერთდაცვის შეთანხმების ხელშეკრულების ხელმოწერით და ჩვენი აქტიური მუშაობით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოსტკოვიდური პერიოდში, როდესაც გვჭირდება აქტიური ინვესტიციები, რაც შეიძლება მეტი იაპონელი ინვესტორი დავაინტერესოთ, შემოვიყვანოთ ჩვენთან სხვადასხვა დარგში და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას, –  განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, რომელმაც ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ.

მინისტრის განცხადებით, შეთანხმება მოწოდებულია, უფრო მეტად გაამყაროს საქართველოში იაპონიიდან ინვესტიციების შემოსვლის საფუძველი.

„შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო. მას შემდეგ ძალიან აქტიურად იმუშავა როგორც ჩვენმა სამინისტრომ, ასევე ჩვენმა კოლეგებმა საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებიდან. შედგა მოლაპარაკების ექვსამდე რაუნდი და საბოლოო ჯამში, ეს პროცესი ხელმოწერით დასრულდა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, იაპონია საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია. მისი თქმით, საქართველოში ბოლო 10 წელში 150 მილიონზე მეტი იაპონური ინვესტიცია განხორციელდა.

„ეს ვერ ასახავს რეალურ პოტენციალს, რომელიც გაცილებით უფრო მაღალია. ასევე ძალიან ბევრია ტექნიკური დახმარების პროგრამა, რაც იაპონიის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება. ძალიან სასიამოვნოა, რომ ბოლო ერთ წელში, პანდემიის მიუხედავად, ისეთი მსხვილი იაპონური ინვესტიცია განხორციელდა, როგორიც არის საქართველოში იაპონური გიგანტი კორპორაციის „ტეპკოს“ შემოსვლა და ენერგეტიკის სფეროში ინვესტიცია,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეთანხმება ითვალისწინებს სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შემოღებას ორივე ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების მიმართ, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსა და იაპონიას შორის კერძო კაპიტალის მოძრაობას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას, ეკონომიკური რესურსების ეფექტიან განვითარებასა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.