ნათია თურნავა - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მორიგი წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ექსპორტიორების მხარდაჭერის მიმართულებით ჩვენი პოლიტიკა ეფექტურია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ World Trade Promotions (WTPO) Awards 2020-ზე საუკეთესო ექსპორტის მხარდამჭერ სააგენტოდ დასახელდა. სააგენტომ გაიმარჯვა 18 ნომინანტს შორის. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
„აღნიშნული საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი პოლიტიკა ექსპორტიორების მხარდაჭერის მიმართულებით ეფექტურია“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ეს გამოხატულია ექსპორტის ზრდაში.
„მიუხედავად პანდემიისა, სექტემბერში ჩვენ ექსპორტის თითქმის 9-პროცენტიანი ზრდა გვქონდა, რაშიც ჩვენი მთავრობისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წვლილი საკმაოდ დიდია. ჩვენ ვეხმარებით ექსპორტიორებს, რომ უკეთ წარმოაჩინონ თავისი პროდუქცია საგარეო ბაზრებზე, ასევე დროულად აითვისონ და დანერგონ საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის, ევროპული სტანდარტები, რათა ევროკავშირის ბაზარზე უკეთ იყვნენ წარმოდგენილი“, – აღნიშნა მინისტრმა.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ჯილდო შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გამართულ ცერემონიაზე გადაეცა. საქართველოს მსგავსად, საპატიო ჯილდო მიიღეს შვედეთისა და კოსტა-რიკის სააგენტოებმაც.
წლევანდელ ცერემონიაზე მთავარი აქცენტი გაკეთდა ექსპორტის განვითარების კუთხით შემუშავებულ ინიციატივებზე.