ნათია თურნავა - „სტანდარტ ენდ ფუარსის“ და „ფიტჩის“ მიერ სუვერენული საკრედიტო რეიტინგების უცვლელად დატოვება არის ინდიკატორი, რომ საქართველოს ეკონომიკა ინვესტორებისთვის კეთილსაიმედოა
ნათია თურნავა - „სტანდარტ ენდ ფუარსის“ და „ფიტჩის“ მიერ სუვერენული საკრედიტო რეიტინგების უცვლელად დატოვება არის ინდიკატორი, რომ საქართველოს ეკონომიკა ინვესტორებისთვის კეთილსაიმედოა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სტანდარტ ენდ ფუარსის“ მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის BB დონეზე და პერსპექტივის უცვლელად დატოვება იმის ინდიკატორია, რომ გლობალური გამოწვევებისა და რეგიონში არსებული რთული მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინვესტორებისთვის კეთილსაიმედოა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, „სტანდარტ ენდ ფუარსმა“ განიხილა და უცვლელად დატოვა საქართველოს სუვერენული რეიტინგი, ასევე უცვლელად დატოვა სტაბილური პერსპექტივა და ეს მაშინ, როცა პანდემიის გლობალური გამოწვევის ფონზე, წლის განმავლობაში რამდენიმე ქვეყანას გაუუარესდა სუვერენული საკრედიტო რეიტინგები, მათ შორის სერბეთს, ბულგარეთსა და საბერძნეთს.

„სტანდარტ ენდ ფუარსის“, მანამდე კიდევ ერთი საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის „ფიტჩის“ მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის უცვლელად დატოვება ინვესტორებისთვის იმის ინდიკატორია, რომ ჩვენ ძალიან დაბალი, მართვადი რისკები გვაქვს და საქართველოს ეკონომიკა არის გადახდისუნარიანი. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი გუნდი ახორციელებს, არის სწორი, ეფექტური და დაბალანსებული. დაბალანსებული ნიშნავს, რომ ჩვენ ვიპოვეთ სწორი, ოქროს შუალედი ანტიპანდემიურ შემზღუდავ ღონისძიებებსა და ეკონომიკის მხარდამჭერ ღონისძიებებს შორის, რაც საკმაოდ რთულია, მაგრამ კარგად გამოგვივიდა. აქედან გამომდინარე პერსპექტივები არის პოზიტიური“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.