ნათია თურნავა „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა
ნათია თურნავა „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.

მინისტრმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (რესპუბლიკური საავადმყოფო) ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად გაიკეთა.

როგორც თურნავამ განაცხადა, ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რათა სწრაფად აღდგეს ეკონომიკა და ტურიზმი.

„მიუხედავად იმისა, რომ კოვიდპანდემია გრძელდება, მოვახერხეთ და შევქმენით პირობები ეკონომიკის აღდგენისთვის. მაგალითად, დღეს გამოქვეყნდა საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა და ჩვენი ექსპორტი გაზრდილია 70 პროცენტით, მიმდინარეობს ტურიზმის აღდგენაც და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მსოფლიოში ყველამ დაინახოს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მასპინძელი ქვეყანა. დღეიდან კოორდინირებულად დაიწყება დასაქმებული პერსონალის ვაქცინაცია ტურისტულ ობიექტებზე. უკვე 700-მდე ადამიანის სია გვაქვს, ვინც ნებაყოფლობით ეწერება.

მე, როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ვინც ასევე პასუხისმგებელია ტურიზმში მიმდინარე პროცესებსა და პოლიტიკაზე, მოვალედ ჩავთვალე თავი, აცრა გამეკეთებინა ტურიზმის ინდუსტრიის სხვადასხვა ლიდერთან. დღეს ჩემთან ერთად იმყოფება ტურისტული ინდუსტრიის 20-მდე წარმომადგენელი. ესენი არიან ასოციაციების თავმჯდომარეები, მსხვილი და პატარა სასტუმროების დამფუძნებლები, რესტორნების დაფუძნებლები, რესტორატორთა ასოციაციის წარმომადგენლები. ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რათა რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკა და ტურიზმი. მართლაც ყველაზე უსაფრთხო ტურისტული ობიექტები ჩვენ გვექნება. თავს კარგად ვგრძნობ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია საქართველოში 27 აპრილიდან იყო შესაძლებელი. „სინოფარმით“ იმუნიზაციის პროცესი კი, 4 მაისიდან დაიწყო.