ნათია თურნავა - შეგვეძლო, 1 200 ლარი ერთიანად გაგვეცა და ახლა ვიქნებოდით სრულიად ვალმოხდილი, მაგრამ ეს იქნებოდა პოპულისტური და უპასუხისმგებლო ნაბიჯი
შეგვეძლო, 1 200 ლარი ერთიანად გაგვეცა და ახლა ვიქნებოდით სრულიად ვალმოხდილი, მაგრამ ეს იქნებოდა პოპულისტური და უპასუხისმგებლო ნაბიჯი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
თურნავას თქმით, გაიცემა არა 200 ლარი, არამედ 1 200 ლარი გადანაწილებული ექვს თვეზე, რომელსც მიიღებს სულ მცირე 350 ათასი ან უფრო მეტი ადამიანი.,
„რა თქმა უნდა, 1 200 ლარიც არ არის დიდი თანხა და ვერც ერთი შემწეობა ვერ ჩაანაცვლებს სრულად ხელფასს, რომელიც ადამიანებმა დაკარგეს და რომელიც, დიდი იმედი გვაქვს, რამდენიმე თვეში, ეკონომიკის აღდგენის შემდეგ მათ კვლავ ექნებათ. მაგრამ, ეს არის პასუხისმგებლიანი ნაბიჯი. ჩვენ რომ გვქონდეს პოპულისტური მიზნები და ისეთივე უპასუხისმგებლო პოპულისტური მოტივაციით ვხელმძღვანელობდეთ, როგორსაც ოპოზციის ზოგიერთი წარმომადგენელი ავლენს თავის განცხადებებში, შეგვეძლო, ეს 1 200 ლარი ერთიანად გაგვეცა და ახლა ვიქნებოდით სრულიად ვალმოხდილები. მაგრამ ეს იქნებოდა პოპულისტური და უპასუხისმგებლო ნაბიჯი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
თურნავას თქმით, ყველანი ვართ საკმაოდ ხანგრძლივი ბრძოლის პროცესში და არავინ იცის, მსოფლიოში რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ბრძოლა.
„ჩვენი რესურსი სწორად უნდა იყოს გადანაწილებული და ყველანი ერთად უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ გარკვეული დრო ეს პრობლემები კიდევ გაგრძელდება. რესურსულად, უნდა ვიყოთ მზად და მოვემზადოთ ხანგრძლივი ბრძოლისთვის. ამ ბრძოლისთვის კი რესურსი და შემართება უნდა გვეყოს. აქედან გამომდინარე, სისტემური და დროში განაწილებული მიდგომა ვამჯობინეთ. ვაკვირდებით ვითარებას და არ არის გამორიცხული, მომავალში დამატებითი ნაბიჯების გადადგმა მოგვიხდეს. დიდი იმედი გვაქვს რომ ექვსი თვის თავზე, ეპიდემია გადალახული იქნება და შევუდგებით პოსტკრიზისული გეგმის განხორციელებას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისვე თქმით, ეს გეგმაც მზადების პროცესშია და ის ეკონომიკის ამოქოქვას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ისახავს მიზნად.
„თუმცა, ბევრი ფაქტორია, რომელსაც ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ, გლობალური ვითარება, პანდემია და მისი დაძლევის ტემპები. აქედან გამომდინარე, არ ვიცით, რა პერიოდი დაგვჭირდება ამისთვის, ვუდგებით სისტემურად, პასუხისმგებლიანად. მომზადებულნი ვართ უფრო ხანგრძლივი პერიოდისთვის და ყველაფერის გავაკეთებთ, რომ შემდგომშიც შევარბილოთ დარტყმა სხვადასხვა კატეგორიის მოსახლეობაზე. ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა არის მთელი ამ პროცესის ერთი ნაწილი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.