ნათია თურნავა - საქართველოში ყაზახური ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზრდება
საქართველოში ყაზახური ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზრდება, – ეს საკითხი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, ჟენის კასიმბეკთან შეხვედრისას განიხილა.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ყაზახეთში შემდგარი მოლაპარაკების თანახმად, ყაზახეთის მთავრობა ქვეყნის ბიუჯეტიდან საქართველოს ბაზარზე ხორბლის ტრანსპორტირების სუბსიდირებას მოახდენს და 50%-მდე დაწევს ტარიფებს, რაც მოგვცემს საშუალებას ყაზახური ხორბალი შედარებით ხელმისაწვდომ ფასებად მივიღოთ.
ნათია თურნავას თქმით, აღნიშნული ინიციატივა უკვე მომზადებულია, თუმცა ყაზახური ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ყაზახეთში მომავალი ვიზიტის ფარგლებში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ხორბლის იმპორტი დივერსიფიცირებული იყოს.
„ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტის, ხორბლის მიწოდება დივერსიფიცირებული იყოს. დღეს ჩვენს ბაზარზე დომინირებს რუსული ხორბალი, მოვილაპარაკეთ, რომ ყაზახეთი თავისი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაასუბსიდირებს ყაზახური ხორბლის მიწოდებას საქართველოს ბაზარზე და ტარიფებს 50%-მდე დაწევს, რაც საშუალებას მოგვცემს, შედარებით ხელმისაწვდომ ფასებში მივიღოთ ყაზახური ხორბალი და ეს პრობლემა კარდინალურად გადავწყვიტოთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.