ნათია თურნავა საქართველოში თურქეთის ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

16:59, 21.07.2026

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

სებ-ის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები, ფინანსურ სექტორში პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

„ნათია თურნავამ თურქეთის ელჩს საქართველოს ეკონომიკაში არსებული ვითარება, მაკროეკონომიკური გარემო და საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისა და საფინანსო სექტორის მდგრადობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს საბანკო სექტორში წარმატებით ოპერირებენ თურქული ბანკები, რაც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ეროვნული ბანკისა და თურქეთის ცენტრალური ბანკის აქტიურ თანამშრომლობაზე, რაც გამოცდილების გაზიარებასა და ინსტიტუციური კავშირების გაძლიერებას ემსახურება. ასევე განიხილეს თანამშრომლობის ფარგლებში სამომავლოდ განსახორციელებელი პოტენციური პროექტები.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის ფინანსურ სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა დაადასტურეს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

მსგავსი