ნათია თურნავა - საქართველოს გავლით ტვირთების მოცულობის ზრდა აშკარად მიუთითებს ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ზრდის პოტენციალზე
ნათია თურნავა - საქართველოს გავლით ტვირთების მოცულობის ზრდა აშკარად მიუთითებს ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ზრდის პოტენციალზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავან სტამბოლში მიმდინარე ტრანკასპიური ოთხმხრივი მინისტერიალის (საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი) ფარგლებში გამართულ მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა. ნათია თურნავა სიტყვით გამოვიდა, სადაც ქვეყნებს შორის რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების როლსა და საჭიროებაზე ისაუბრა, ასევე ამ კონტექსტში მან აქცენტი გააკეთა, საქართველოს, როგორც ტრანსკონტინენტული აქტორის მნიშვნელობაზე.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თქმით, ქვეყნის ამბიციური მიზანია, იყოს ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო ადგილი მსოფლიო რუკაზე. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესება ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის კიდევ უფრო გასაძლიერებლად კვლავ რჩება ჩვენს დღის წესრიგში. ამასთან, ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ ათწლეულების მანძილზე საქართველო აქტიურად იყო ჩართული ერთმანეთთან დაკავშირების სხვადასხვა ინიციატივაში, მათ შორის – TRACECA, შუალედური დერეფანი, შავი ზღვა-კასპიის ზღვის დერეფანი, რომელიც მიზნად ისახავდა ეფექტური, მოკლე და საიმედო სატრანსპორტო მარშრუტების შემუშავებას ევროპასა და აზიას შორის.

„საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან ერთად აგრძელებს აღნიშნული სატრანსპორტო მარშრუტების ეფექტურობისა და მდგრადობის კიდევ უფრო გაუმჯობესებას. საქართველოს გავლით ტვირთების მოცულობის ზრდა აშკარად მიუთითებს ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ზრდის პოტენციალზე. COVID-19-ის დროსაც კი ჩვენ შევძელით ჩვენი მარშრუტების ფუნქციონირების და ზრდის ტენდენციის შენარჩუნება“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ეკონომიკის მინისტრმა კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ამ მიმართულებით არსებულ გეგმებზე. მისი თქმით, ჯანსაღი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და ადეკვატური შესაძლებლობები საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხია. ამ მხრივ ნათია თურნავამ რამდენიმე პროექტზე გააკეთა აქცენტი, მათ შორის: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი, საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილი მიმდინარე მშენებლობა და პორტის ინფრასტრუქტურის განვითარება.

„ჩვენ ვგეგმავთ ახალი ტენდერის გამოცხადებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისათვის, რომელიც რჩება პრიორიტეტულ პროექტად საქართველოს მთავრობისთვის. აღსანიშნავია Pace და ფოთის პორტის გაფართოება. ასევე, ჩვენს დღის წესრიგშია ლოგისტიკური ცენტრების განვითარება კერძო ინვესტორების მოზიდვის გზით“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეხვედრისას ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა მთავრობებსა და ბიზნესებს შორის მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელობას, საიმედო და ხარისხიანი სატრანსპორტო ქსელების შესაქმნელად და პოსტ-პანდემიური ეკონომიკის უფრო სწრაფი აღდგენის უზრუნველსაყოფად. ნათია თურნავას განცხადებით, ქართული მხარე მზად არის აქტიური ჩართულობისთვის, რათა უკეთ გამოიყენოს ქვეყნის და მთელი რეგიონის ზრდის პოტენციალი.

დატოვე კომენტარი