ნათია თურნავა - საპენსიო რეფორმის ჩამოშლა, რაც ვიღაცას შესაძლოა, უნდოდეს, არის მიუღებელი, თუნდაც იმიტომ, რომ სწრაფად დავუბრუნდეთ აღმავალი ზრდის ტრაექტორიას
საპენსიო რეფორმის ჩამოშლა, რაც ვიღაცას შესაძლოა, უნდოდეს, არის მიუღებელი, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ დროულად და სწრაფად დავუბრუნდეთ აღმავალი ზრდის ტრაექტორიას, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
თურნავას თქმით, სახელმწიფო გაბედულ ნაბიჯზე წავიდა მოსახლეობის ხელფასებთან დაკავშირებით, იმ თვალსაზრისით რომ საშემოსავლო გადასახადში სერიოზულ შეღავათი გაეწევა ყველას, ვინც 1 500 ლარამდე ხელფასს იღებს.
„ამით ჩვენ გადავინაწილებთ მათი გარანტირებული დასაქმების ტვირთს და 750 ლარის ოდენობის ხელფასზე საერთოდ გაუქმდება საშემოსავლო გადასახადი, ხოლო ყველას, ვისაც 1 500 ლარამდე აქვს ხელფასი, შეეძლება, ეს შეღავათი მიიღოს ამა თუ იმ დოზით. ეს კომპანიებს საშუალებას მისცემს, შეინარჩუნონ დასაქმებულები.
ეს არის რეალური დახმარება, ხოლო ის, რასაც ოპოზიცია მოგვიწოდებს საპენსიო ფონდთან დაკავშირებით, ეს არის წმინდა წყლის პოპულიზმი. ჯერ ერთი, თანხობრივად ეს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ის შეღავათი რასაც ჩვენ ვწევთ. მეორე – საპენსიო რეფორმა არის ჩვენი ერთ-ერთი ფუნდამენტური და წარმატებული რეფორმა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, დონორებისა და ჩვენი პარტნიორების მიერ აღიარებულია, სწორედ ამ რეფორმის წყალობით ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელთანაც სავალუტო ფონდმა ერთ-ერთ პირველთან აღადგინა პროგრამა საერთაშორისო გლობალური პანდემიის პირობებში და სწორედ ამიტომ დაგვთანხმდნენ ასე სწრაფად ჩვენი პარტნიორები იმ სამ მილიარდიან პაკეტზე, რომელიც ასე გვეხმარება ახლა ჩვენი გეგმების და მიზნების, სოციალური პროგრამების შესრულებაში.
ამის ერთ-ერთი მთავრი მიზეზი არის ის, რომ ჩვენი პარტნიორები დარწმუნებულნი არიან, რომ ჩვენ არ გადავუხვიეთ რეფორმების კურსს, ამ გასაჭირის მიუხედავად. ამიტომ, საპენსიო რეფორმის ჩამოშლა, რაც ვიღაცას შესაძლოა, უნდოდეს, არის მიუღებელი, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ დროულად და სწრაფად დავუბრუნდეთ აღმავალი ზრდის ტრაექტორიას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.