ნათია თურნავა - საპარტნიორო ფონდის არსებულმა მოდელმა თავისი თავი ამოწურა
ნათია თურნავა - საპარტნიორო ფონდის არსებულმა მოდელმა თავისი თავი ამოწურა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას მოსაზრებით, საპარტნიორო ფონდის არსებულმა მოდელმა თავისი თავი ამოწურა, რადგან ახალი გამოწვევები და ახალი ამოცანები არსებობს.

ნათია თურნავამ საპარტნიორო ფონზე პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც მას დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა კითხვით მიმართა – პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საპარტნიორო ფონდში სტუმრობის მიზეზი და შედეგი რა იყო.

გოგიჩაიშვილი ასევე დაინტერესდა, როგორც საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის მოადგილე, გრძნობს თუ არა პასუხიმგებლობას იმ ზარალზე, რაც ფონდს ბოლო წლებში აქვს.

თურნავას თქმით, საპარტნიორო ფონდის რეფორმირება დაწყებულია.

„საპარტნიორო ფონდი უმსხვილესი საინვესტიციო სახელმწიფო ფონდია, რომელიც 2011 წელს შეიქმნა და ბოლო დრომდე მომუშავე მოდელი ეფექტური იყო. ამ მოდელმა ძალიან ბევრი კარგი პროექტი შეკრა. საპარტნიორო ფონდის თანამონაწილეობით 2,5 მილიარდი დოლარის პროექტები შეიკრა და ერთ დოლარ ჩადებულ თანხაზე შვიდი დოლარი კერძო ინვესტიციის, თუ კაპიტალის სახით იქნა მოძიებული. არ არის გასაკვირი, რომ პარტიის თავმჯდომარეს დააინტერესა, ფონდი ესოდენ წარმატებული მოდელით როგორ მიდის და რა პროექტები იყო განხორციელებული. ამ მოდელმა თავისი თავი ამოწურა, რადგან ახალი გამოწვევები და ახალი ამოცანები დგება“, – განაცხადა თურნავამ.