ნათია თურნავა - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მაღალ დონეზეა შეფასებული საინვესტიციო გარემო, ხაზგასმულია, რომ საქართველოში ინვესტორებისთვის საკმაოდ მიმზიდველი პირობებია შექმნილი
ნათია თურნავა - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მაღალ დონეზეა შეფასებული საინვესტიციო გარემო, ხაზგასმულია, რომ საქართველოში ინვესტორებისთვის საკმაოდ მიმზიდველი პირობებია შექმნილი

სასიხარულოა, რომ კვლავაც ძალიან მაღალ დონეზე არის შეფასებული ჩვენთან არსებული საინვესტიციო გარემო. ხაზგასმულია, რომ ინვესტორებისთვის არის საკმაოდ მიმზიდველი პირობები შექმნილი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2021 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ანგარიშში საუბარია პროგრამებზე, რასაც სახელმწიფო ახორციელებს და უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროც არის ჩართული.

„ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ ანგარიშში საკმაოდ დიდი ნაწილი დაეთმო ჩვენს პროგრამებს, რასაც სახელმწიფო ახორციელებს, მათ შორის ისეთ პროგრამებს, რომელშიც უშუალოდ ეკონომიკის სამინისტრო არის ჩართული. ეს არის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. მათ შორის ის კომპონენტი, რომელიც მიმართულია უცხოელი ინვესტორების მოზიდვაზე. ხაზი გაესვა ახალ პროგრამებს, მათ შორის FDI გრანტებს, რომელიც სულ ახლახანს არის შემოღებული, რათა უცხოელმა ინვესტორებმა არა მარტო ინვესტიცია განახორციელონ, არამედ მოწადინებული იყვნენ, რომ ახალი ცოდნა შექმნან, გადაამზადონ ჩვენი ადგილობრივი მოსახლეობა და რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაასაქმონ.

ასევე, ანგარიშში ხაზი გაესვა იმ რეფორმებს, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, მათ შორის წიაღისეულის სექტორის რეფორმას და ახალ პროგრამას „100 წიაღისეული“, რომელსაც ჩვენ ელექტრონული აუქციონებით ვთავაზობთ ინვესტორებს. ასევე საპრივატიზაციო გადაწყვეტილებებს, მათ შორის იმ დიდ კამპანიას – „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, როდესაც პარალელური აუქციონები მიმდინარეობს და სხვა პროგრამებს, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ ქოლგის ქვეშ ხორციელდება. ნათქვამია, რომ მთლიანობაში ეს პროგრამები და გადაწყვეტილებები, რაც ჩვენმა ეკონომიკურმა გუნდა მიიღო, ხელს უწყობს საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებას და ძალიან მაღალ მიმზიდველობას მატებს სხვადასხვა დარგს, სადაც უცხოელ ინვესტორს შეუძლია, დააბანდოს თავისი კაპიტალი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.