ნათია თურნავა საერთაშორისო ფორუმზე შუა დერეფნის შესაძლებლობების შესახებ მოხსენებით გამოვიდა
ნათია თურნავა საერთაშორისო ფორუმზე შუა დერეფნის შესაძლებლობების შესახებ მოხსენებით გამოვიდა

საერთაშორისო ლოგისტიკის ახალი შესაძლებლობები, – ასე ერქვა თემატურ პანელს, რომელზეც მოხსენებით გამოვიდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ნათია თურნავამ თავის გამოსვლაში დიდი ყურადღება დაუთმო ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკურ პოტენციალს და იმ პროექტებს, რომელთაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, რათა ქვეყანაზე გამავალი სატრანსპორტო კორიდორები კონკურენტუნარიანი გახადოს.

სამინისტროს ცნობით, ნათია თურნავამ განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი სარტყელისა და გზის ინიციატივას და აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც მხარი დაუჭირეს აღნიშნულ ინიციატივას. თურნავამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სარკინიგზო მულტიმოდალურ სატრანსპორტო მარშრუტს – შუა დერეფანს, რომლის განვითარების მიზნით, ქართული მხარე დერეფნის სხვა მონაწილე წევრებთან ერთად ერთობლივად მუშაობს. მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გაამახვილა შუა დერეფნის უპირატესობებზე სხვა ალტერნატივებთან შედარებით და მოუწოდა საერთაშორისო ლოგისტიკურ კომპანიებს, მეტად გამოიყენონ აღნიშნული დერეფნის შესაძლებლობები.

„თემატურ პანელზე შუა დერეფნის შესაძლებლობის შესახებ ასევე გაამახვილა ყურადღება აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერმა, შაჰინ მუსტაფაევმა. მან ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოსთან თანამშრომლობაზე სატრანსპორტო დერეფნების განვითარების მიმართულებით. ორივე მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში, რომელთა შორის მსხვილი გადამზიდავი და ლოგისტიკური კომპანიების ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ“, – აღნიშნავენ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში.

თემატურ პანელში მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. თემატურ პანელს ასევე დაესწრო სს „საქართველოს რკინიგზის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით ფერაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთში არჩილ კალანდია.