ნათია თურნავა - როგორც კი გამოჩნდება, რომ რომელიმე სავაჭრო ობიექტი არღვევს შეზღუდვებს, სრული უფლება გვაქვს, გამოვიყენოთ ჯარიმები და მუშაობის შეჩერების უფლება
ნათია თურნავა - როგორც კი გამოჩნდება, რომ რომელიმე სავაჭრო ობიექტი არღვევს შეზღუდვებს, სრული უფლება გვაქვს, გამოვიყენოთ ჯარიმები და მუშაობის შეჩერების უფლება

მთავრობის მიერ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დაბალანსებულია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს დაბალანსებული გადაწყვეტილებების მისაღებად, თუმცა ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა უმთავრესია.

„არის ისეთი ფაქტორებიც, როგორიცაა ეკონომიკა, დასაქმება და იცით, რომ სავაჭრო სეგმენტი ძალიან დიდი დამსაქმებელია, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს და აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ ასეთი დაბალანსებული გადაწყვეტილება. რაც მთავარია, ეს არის გეგმაზომიერი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განმარტებით, სავაჭრო ცენტრების გახსნა და საახალწლო დღეებში მუშაობა იქნება დიდი პასუხისმგებლობის აქტი და პირველ რიგში, ეს პასუხისმგებლობა ხელისუფლებისაა.

„ამავდროულად, თვითონ სავაჭრო სექტორიც მზადაა, იტვირთოს ეს პასუხისმგებლობა. დარღვევების შემთხვევაში ძალიან მკაცრი ზომები იქნება გამოყენებული. ეს გადაწყვეტილება არ არის უპირობო და შეუქცევადი და როგორც კი პირველი ნიშნები გამოჩნდება, რომ რომელიმე სავაჭრო ობიექტი არღვევს არსებითად იმ შეზღუდვებს, რაზეც იყო საუბარი, სრული უფლება გვაქვს, რომ გამოვიყენოთ ჯარიმები, ასევე შეჩერების უფლება“, – დასძინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა.