ნათია თურნავა – ქართული ბანკების მიერ Nasdaq Calypso-ს პლატფორმის დანერგვის მიზანია, ხელი შეუწყოს საფინანსო სექტორის განვითარების მომდევნო ეტაპს
საერთაშორისო საფინანსო გამოცემა The Banker-ი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, ნათია თურნავასთან ქვეყნის ხუთი უმსხვილესი კომერციული ბანკის მიერ Nasdaq Calypso-ს სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით ინტერვიუს აქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ The Banker-ს განუცხადა, პროექტის მიზანია, სწრაფად მზარდ, თუმცა საგარეო შოკების მიმართ მოწყვლად, მცირე ღია ეკონომიკაში ხელი შეუწყოს საფინანსო სექტორის განვითარების მომდევნო ეტაპს.
ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის სტაბილურმა ზრდამ ბანკებისა და მათი კლიენტებისთვის სავალუტო, საპროცენტო და ლიკვიდობის რისკების ეფექტური მართვა კიდევ უფრო აქტუალური გახადა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციისა და კაპიტალის ბაზარზე ფინანსური ნაკადების მოზიდვას ისახავს მიზნად.
„ეს ინიციატივა არა უბრალოდ პროგრამული უზრუნველყოფის პროექტი, არამედ ბაზრის განვითარების პროექტია, რომელიც საბანკო სისტემის დიდ ნაწილში საერთო სტანდარტების შექმნაზეა მიმართული. როცა ბანკები საერთო სტანდარტებით და უფრო ავტომატიზებული პროცესებით მუშაობენ, მონაცემები უფრო სანდოა. უკეთესი ინფორმაცია საშუალებას მისცემს ეროვნულ ბანკს, ადრეულ ეტაპზე გამოავლინოს მოსალოდნელი კონცენტრაციები ან სტრესული წერტილები და უფრო სრულყოფილი მონაცემების გამოყენებით მოახდინოს შესაბამისი რეაგირება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ The Banker-თან საუბრისას.
Nasdaq Calypso საზიარო პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს საბანკო სექტორის შემდგომი ზრდის ხელშესაწყობად საჭირო საიმედო, საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურას, საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის ეგიდით დაინერგება. აღნიშნული ინიციატივა „საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის” (GMAP) ფარგლებში ხორციელდება.