ნათია თურნავა - პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით სამკერვალო საწარმო „იმერს“ ახალი სიცოცხლე მიეცა
ნათია თურნავა - პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით სამკერვალო საწარმო „იმერს“ ახალი სიცოცხლე მიეცა

ქუთაისის ერთ-ერთ უძველეს საწარმოს, „იმერს“, რომელიც 90 წლის არის, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ახალი სიცოცხლე მიეცა, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, რომელიც ქუთაისში სამკერვალო საწარმო „იმერის“ საწარმოო პროცესს გაეცნო.

მინისტრის თქმით, პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობით მოხდა საწარმოს გადაიარაღება. დღეს „იმერი“ წარმოებული პროდუქციის უდიდეს ნაწილს ექსპორტზე გზავნის, საწარმოში კი 400 ადამიანია დასაქმებული.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრს საწარმოს მფლობელმა, მაია სიმონიძემ მიაწოდა ინფორმაცია განვითარების გეგმებისა და ახალი საერთაშორისო პარტნიორების შესახებ. „იმერში“ უკვე მზადდება პროდუქცია ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის, როგორიცაა გერმანული Lebek-ი და Joy Lucy-ი, აგრეთვე ბრიტანული Marks&Spencer-ი.

„სამკერვალო კომპანია „იმერი“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია 2016 წლის დეკემბრიდან. საწარმო ორიენტირებულია პალტოების, ლაბადებისა და ტრიკოტაჟის ანალოგიური ნაწარმის დამზადებაზე. 2016 წელს საწარმო გაფართოვდა, რამაც კომპანიას მისცა საშუალება, უფრო მეტი დასავლელი პარტნიორი ჰყოლოდა. ჯამურმა ინვესტიციამ 315 000 ევრო შეადგინა. ინვესტიციით საწარმოში 170 სამუშაო ადგილი შეიქმნა. საწარმოში 400 ადამიანია დასაქმებული. საწარმოს პროდუქცია თითქმის მთლიანად ექსპორტზე გადის“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.