ნათია თურნავა - პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით, კიდევ ერთი საწარმო გაფართოვდა და გადაიარაღდა
ნათია თურნავა - პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით, კიდევ ერთი საწარმო გაფართოვდა და გადაიარაღდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორ მიხეილ ხიდურელთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე საწარმოს „ფაბრიკა 1900“ ესტუმრა.

საწარმო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია და შესაფუთ მასალებს აწარმოებს, როგორც ადგილობრივი, ასევე საექსპორტო ბაზრებისთვის.

„აწარმოე საქართველოში” ინდუსტრიული მიმართულების სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, კომპანიამ სრულიად ახალი მაღალტექნოლოგიური საწარმო ააშენა.

საწარმოში 14 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა განხორციელებული, წარმოების მოცულობა კი ყოველთვიურად 600 ტონას აღწევს. შესაფუთი მასალა არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი, რომელიც სერთიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანა-დანადგარებზე მზადდება.

ნათია თურნავას განცხადებით, საწარმო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გადაიარაღდა და გაფართოვდა.

„აღსანიშნავია, რომ კომპანია ამაზე გაჩერებას არ აპირებს, გაფართოების სერიოზული გეგმები აქვთ და „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის დახმარებით პრაქტიკულად გაახუთმაგებენ წარმოებას. შედეგად, თუ დღეისთვის აქ 134 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის ძირითადად გორიდან და მცხეთიდან, გადაიარაღებისა და გაფართოების შედეგად გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობა. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიას ამბიციური გეგმები აქვს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის ბაზრებზე წილის გაზრდის და ჩვენ ყოველთვის დავეხმარებით ადგილობრივ წარმოებას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.