ნათია თურნავა - პროგრამა „განახლებული რეგიონები“ თითოეულ მუნიციპალიტეტს ახალ სიცოცხლეს შესძენს
ნათია თურნავა - პროგრამა „განახლებული რეგიონები“ თითოეულ მუნიციპალიტეტს ახალ სიცოცხლეს შესძენს

„განახლებული რეგიონები“ – ძალიან მასშტაბური პროგრამაა, რომელიც ახალ სიცოცხლეს შესძენს თითოეულ მუნიციპალიტეტს. ეს არის დაახლოებით, ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების პროგრამა, რაც ნიშნავს, რომ მოხდება მუნიციპალიტეტების ისტორიული ცენტრების სრული განახლება, გაჩნდება ახალი მიზიდულობის წერტილები ჩვენი ტურიზმისთვის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად, მთავრობა მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებს, რომ ტურისტული ინდუსტრია უსაფრთხო რეჟიმში აღდგეს.

მინისტრის განცხადებით, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შეიქმნება ძალიან საინტერესო, უნიკალური, ახალი მიზიდულობის ცენტრები რეგიონებში, მუნიციპალიტეტებსა და არა მხოლოდ დიდ ქალაქებში.

თურნავას თქმით, რეგიონების განახლების პროექტი 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას გულისხმობს, პროგრამით განსაზღვრული სამუშაოებისკენ მიმართული 500 მლნ ლარი 4 წელზე გადანაწილდება.

ნათია თურნავას პროგნოზით, ახალი პროგრამის შედეგად, რეგიონებში კერძო ბიზნესის სექტორიც გააქტიურდება, ასევე, თითოეული მუნიციპალიტეტისთვის სხვადასხვა აქტივობისა და პროექტების პაკეტები იქნება შეთავაზებული.

„ზოგადად, ყველა ჩვენი დანარჩენი პროგრამა, იქნება ეს „აწარმოე საქართველოში“, პრივატიზაცია, სოფლის მეურნეობის პროგრამები, ინტერენეტიზაციის, თუ რომელიმე სხვა პროგრამა, ასევე გადაეწყობა რეგიონულ ჭრილში და ჩვენ კონკრეტული აქტივობების, პროექტების და პროგრამების პაკეტები გვექნება შეთავაზებული თითოეული მუნიციპალიტეტისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ახალი ინიციატივა. ძალიან მალე ნახავთ, როგორ გაცოცხლდება სამშენებლო სამუშაოები, კერძო ბიზნესის აქტივობები, რაც ყოველთვის მოყვება სახელმწიფო პროგრამებს. სახელმწიფოს მხრიდან ერთი ლარის ხარჯვა სულ მცირე ათი კერძო ლარის დანახარჯს და ინვესტიციას გამოიწვევს, ეს არის ჩვენი რეგიონების აღორძინების ძალიან მნიშვნელოვანი, მორიგი ახალი ტალღა. ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდა სწორედ რეგიონების განვითარებაზე – ინფრასტურქტურის სამინისტროს ყველა პროექტი, ჩვენი სამინისტროს გაზიფიკაციის პროექტი, ინტერნეტიზაციის პროექტები სწორედ რეგიონულ ჭრილში იყო გაშლილი და ახლა ამას ასეთი მასშტაბური პროგრამა დაემატება“, – განაცხადა ეკონომიკისა დამადგრადი განვითარების მინისტრმა.