ნათია თურნავა - პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში წელს დამატებით 10 ობიექტია პრივატიზებული
ნათია თურნავა - პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში წელს დამატებით 10 ობიექტია პრივატიზებული

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში პრივატიზების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

თურნავას თქმით, საახალწლო პერიოდის მიუხედავად, 2020 წლის  დასაწყისში  უქციონზე დამატებით 10 ობიექტის გასხვისება მოხერხდა.

„იცით, რომ ეკონომიკის სამინისტროს ეგიდით მიმდინარეობს 100 საპრივატიზაციო ქონების აუქციონი, მასშტაბური პროექტი და მინდა, მორიგი სტატისტიკური მონაცემები გაგაცნოთ. პრივატიზების პროცესი მიდის შეუფერხებლად და მიუხედავად იმისა, რომ შემდგომ აუქციონებს მოუწია საახალწლო პერიოდმა, რაც ზოგადად არის დაბალი აქტივობის პერიოდი ბიზნესისთვის, უკვე წლის დასაწყისში მოვახერხეთ აუქციონზე კიდევ დამატებით 10 ობიექტის გასხვისება, 4 მილიონ 300 ათას ლარამდე არის შემოსული თანხა. ეს შედარებით მცირე ზომის ობიექტებია, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში“, – განაცხადა  ნათია თურნავამ.

მინისტრის ინფორმაციით, „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ – პროექტის დაწყებიდან დღემდე სახელმწიფომ უკვე 40-მდე ობიექტი გაასხვისა და ბიუჯეტში 50 მილიონამდე თანხაა მობილიზებული.

„ეს პროექტი გრძელდება და უახლოეს პერიოდში ბევრი საინტერესო ობიექტი დაემატება“, – დასძინა ნათია თურნავამ.

პრივატიზებისთვის განკუთვნილი ობიექტების ნუსხა მოიცავს ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას და გაერთიანებულია თბილისისა და საქართველოს 45-მდე ქალაქი და მუნიციპალიტეტი. საპრივატიზაციო ნუსხაშია სამრეწველო ობიექტები, სასაწყობე და სატბორე მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და დეველოპერებისთვის საინტერესო სხვა სახელმწიფო ქონება.