ნათია თურნავა - პრობლემა თუ იმაშია, მიწა რატომ გადაეცა კერძო ინვესტორს, ეს მოხდა იმ პირობით, რომ შესრულდება საინვესტიციო ვალდებულებები
ნათია თურნავა - პრობლემა თუ იმაშია, მიწა რატომ გადაეცა კერძო ინვესტორს, ეს მოხდა იმ პირობით, რომ შესრულდება საინვესტიციო ვალდებულებები

პრობლემა თუ იმაშია, მიწა რატომ გადაეცა კერძო ინვესტორს, ეს მოხდა იმ პირობით, რომ შესრულდება საინვესტიციო ვალდებულებები, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით განხილვა მიმდინარეობს.

თურნავას თქმით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ინვესტორს ქონების გადასახადის გადახდა არ მოუწევს.

ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული საკითხი არის მიწის პრივატიზება. პრობლემა თუ იმაშია, რომ მიწა ჰესის ასაშენებლად გადაეცა თურქულ კომპანიას, ამ დისკუსიაში, ვერავის ვერ წამოგყვებით, რადგან საუბარია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორზე, მეზობელზე, ევროატლანტიკური ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოზე. პრობლემა თუ იმაშია, რომ მიწა საერთოდ რატომ გადაეცა კერძო ინვესტორს, რატომ ამდენი და რა მიზნით, ამაზე შეგვიძლია, ვისაუბროთ. ხელშეკრულებით განსაზღვრულია ძალიან დეტალური პროცედურა, როგორ უნდა დაასაბუთოს ინვესტორმა თითოეული მიწის ნაკვეთის მიღება, ეს უნდა იყოს მხოლოდ ამ პროექტთან კავშირში და ეს არ არის უპირობო გადაცემა, არის იმ პირობით, რომ შესრულდება საინვესტიციო ვალდებულებები – 28-კილომეტრიანი გზა უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფოს, ქონების გადასახადი იქნება გადახდილი. სადღაც მოვისმინე გათავისუფლებულიაო და ტყუილია ეს, ინვესტორი ამ პერიოდში 120 მილიონი დოლარის ქონების გადასახადს გადაიხდის.

გარდა ამისა, თუ კითხვა დგას, საერთოდ რატომ გადავცემთ საინვესტიციო პირობით მიწას, შეგახსენებთ, რომ ეს არის მიღებული პრაქტიკა. არაფერი აქ ექსტრაორდინალური არ მომხდარა, მთელი ჩვენ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და მისი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპონენტი დაფუძნებული გვაქვს ამაზე, რომ ინვესტორს გადავცემთ მიწას და მისგან ვითხოვთ საინვესტიციო პირობების შესრულებას. ერთი მილიონი ლარის ინვესტიციის დროსაც ვაკეთებთ ამას და მით უმეტეს, როდესც 800 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციაზეა საუბარი“,  განაცხადა ნათია თურნავამ.

მან ასევე განმარტა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ინვესტორს რატომ გადაეცა მიწის დიდი ფართობი.

„დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტს სჭირდება დიდი მიწა. შეგახსენებთ, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ჩვენ გადავეცით 500 ჰექტარი მიწა და ეს პროექტი წარმატებით რომ გაგრძელებულიყო, 700 ჰექტარი მიწა გვქონდა გამზადებული გადასაცემად, ასევე გრძელვადიანი სარგებლობით, ასევე საინვესტიციო პირობებით. ენერგეტიკაც არის ის დარგი, სადაც დიდი მიწა სჭირდება ჰიდრონაგებობებს. შესაბამისად, ესეც ჩვეულებრივი პრაქტიკაა ენერგეტიკაში. შეგახსენებთ, თუნდაც 2011 წელს „დარიალი ჰესისთვის“ იგივე წესით იქნა გადაცემული და მთელი ეს პერიოდი ასე გრძელდებოდა. 2020 წელს რუსთავში სამკერვალო ფაბრიკას გადავეცით ასეთივე ტიპის მიწა და იქ უკვე 700-მდე ადამიანია დასაქმებული“, – განაცხადა თურნავამ.