ნათია თურნავა - პრემიერ-მინისტრის დავალებით, უნდა გავაძლიეროთ კომუნიკაცია „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, მზად ვართ, კვირაში რამდენჯერმე შევხვდეთ მოსახლეობას
ნათია თურნავა - პრემიერ-მინისტრის დავალებით, უნდა გავაძლიეროთ კომუნიკაცია „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, მზად ვართ, კვირაში რამდენჯერმე შევხვდეთ მოსახლეობას

„საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ დავალება, რომ გავაძლიეროთ კომუნიკაცია ზოგადად ჰესებთან და კერძოდ, „ნამახვანი ჰესთან“ დაკავშირებით და მზად ვართ, კვირაში რამდენჯერმე შევხვდეთ მოსახლეობას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრების დროს უფრო მეტად უნდა ისაუბრონ საქართველოსთვის ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე, რამდენად დიდია აქ მსხვილი ჰესების როლი და სარგებლობა.

მივიღეთ დავალება პრემიერ-მინისტრისგან, რომ გავაძლიეროთ კომუნიკაცია ზოგადად ჰესებთან და კერძოდ, „ნამახვანი ჰესთან დაკავშირებით, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტი, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არის შეკითხვები მოსახლეობაში ამ პროექტის უსაფრთხოებასთან, მნიშვნელობასთან, სარგებელთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ, რომ კვირაში რამდენიმე შეხვედრა გავმართოთ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფთან,  მათ შორის ექსპერტებთან, ჩავიდეთ რეგიონებში და უფრო მეტი ვისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, რამდენად დიდია ამ საქმეში მსხვილი ჰესების როლი და რა სარგებელი მოაქვს კერძოდ „ნამახვანი ჰესს“, რომელიც ჩვენი იმპორტის დიდი ნაწილის ჩანაცვლებას უზრუნველყოფს.

ჩვენი ამოცანაა, ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი კერძო სექტორის მიერ ელექტროენერგიის საფასურის სახით გადახდილი თითოეული ლარი მაქსიმალურად რჩებოდეს ქვეყანაში და ხმარდებოდეს ჩვენს საკუთარ ჰიდრო სადგურებს, აქ დასაქმებულ ადამიანებს და არ გადიოდეს ქვეყნიდან“, – განაცხადა თურნავამ.