ნათია თურნავა - პოსტკრიზისული გეგმა უკვე მოქმედებაშია იმ ნაწილში, რომ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ძალიან აქტიური ვართ
პოსტკრიზისული გეგმა პრაქტიკულად უკვე მოქმედებაშია იმ ნაწილში, რომ ჩვენ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით ძალიან აქტიური ვართ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნათია თურნავას ინფორმაციით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად საქართველოში უკვე მეორე ამერიკული კომპანია შემოდის.
„ძალიან მნიშვნელოვანია ცვლილება, რომელიც შევიდა საგადასახადო კანონმდებლობაში საერთაშორისო კომპანიების სტატუსთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც IT კომპანიებს და არამარტო მათ, შეუმცირდათ მოგების და საშემოსავლო გადასახადი 5 პროცენტამდე. ამის შედეგად ვხედავთ, რომ პირველად შემოვიდა ძალიან მსხვილი, გლობალური ამერიკული კომპანია „ემპარი“, რომელიც 1000-მდე ადამიანს ასაქმებს და ახლა, ამ დღეებში უკვე შემოდის ახალი ამერიკული კომპანია, რომლის სახელსაც ძალიან მალე გავაჟღერებთ – ის ასევე ძალიან ბევრ ქართველ სპეციალისტს დაასაქმებს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, მთვარობამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.
კერძოდ, მინისტრის განმარტებით, პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო კომპონენტის ნაწილში აქვს ახალი დახმარება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემთხვევაში, კერძოდ, FDI გრანტები.
თურნავას განცხადებით, აღნიშნული შეეხება უცხოურ კომპანიებს, რომლებიც შემოვლენ საქართველოში, გადმოიტანენ ან საქართველოში გახსნიან ახალ ბიზნესებს, ჩადებენ გარკვეულ ინვესტიციებს და დაასაქმებენ არანაკლებ 150 ადამიანს.
„ამ ვალდებულებების შესრულების შემდეგ, ჩვენი მხრიდან იქნება გარკვეული ხარჯების გაზიარება, მათ მიეცემათ 1 მილიონ ლარამდე ზომის გრანტი იმისთვის, რომ დავფაროთ ხარჯები, რაც დაკავშირებულია ისევ და ისევ საქართველოს მოქალაქეების მომზადება-გადამზადებასთან და გარკვეულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
როგორც მინისტრმა განაცხადა, მიუხედავად პანდემიისა, მეორე კვარტლის მონაცემები საკმაოდ დამაიმედებელი იყო, როდესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით მცირე, თუმცა გარკვეული ზრდა დაფიქსირდა.