ნათია თურნავა - ონი ჰესის პროექტი არის უსაფრთხო, ასაქმებს ადამიანებს და ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში
ონი ჰესის პროექტი არის უსაფრთხო, ასაქმებს ადამიანებს და ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მედიით გავრცელებულ ინფორმაციას რაჭის რეგიონში ონის ჰესის პროექტის შესახებ.
მინისტრის თქმით, მტკნარი ტყუილი და საკმაოდ უნიჭოდ შეთხზული აპოკალიპტური ისტორიაა, თითქოს დამანგრეველი ზემოქმედება ექნება ამა თუ იმ პროექტს.
„ჩვენ შეჩვეული ვართ, რომ მსგავსი განცხადებების ერთადერთი მიზანი არის ბიძინა ივანიშვილისა და თანაინვესტირების ფონდის დისკრედიტაცია. არადა, ეს ფონდი, როგორც ყველასთვის ცნობილია, არსებობს იმისთვის, რომ დაეხმაროს ბიზნესს იმ მსხვილ პროექტებში, რომელთა განხორციელებასაც ბიზნესი მარტო ვერ ახერხებს და რა თქმა უნდა, ეს უფრო მეტად არის ქველმოქმედება, ვიდრე კონკრეტულად ბიზნესი. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ავტორები კიდევ უფრო შორს მიდიან და ურტყამენ არა მხოლოდ თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, არამედ მთლიანად ქვეყნის დამოუკიდებლობას, რომლის ქვაკუთხედი ჩვენი ენერგეტიკაა“, – აცხადებს ნათია თურნავა.
მისივე თქმით, იმ დროს, როდესაც ქვეყანა ეპიდემიასა და მსოფლიო პანდემიას ებრძვის, ხელისუფლება დიდ აქცენტს აკეთებს საკუთარი წარმოების განვითარებაზე, რომლის მნიშვნელოვანი ფაქტორია საკუთარი ენერგეტიკა და მსხვილი ენერგეტიკული პროექტები, რომლებიც ამყარებს საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას.
„რაც შეეხება კონკრეტულად ონი ჰესების კასკადს, ეს პროექტი წლებია, არსებობს და ამდენად, მასში არაფერია სიახლე. უბრალოდ, დღეს დასჭირდა ზოგიერთს მისი გახსენება და გამოყენება თავის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებში. მინდა ვთქვა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გაცილებით დიდი სამუშაო გაწია და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დღეს ეს პროექტი არის მაქსიმალურად უსაფრთხო ფორმით წარმოდგენილი. ამისთვის საკმაოდ ბევრი კვლევაა ჩატარებული და ეს არის სიმართლე, რომ პროექტი არის უსაფრთხო, ასაქმებს ადამიანებს და ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში და სწორედ ეს არის ჩვენი ამოცანა“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.