ნათია თურნავა - ნოემბრის თვის საგარეო ვაჭრობის მონაცემები არის იმის მაჩვენებელი, რომ წელიწადს დავასრულებთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით
ნათია თურნავა - ნოემბრის თვის საგარეო ვაჭრობის მონაცემები არის იმის მაჩვენებელი, რომ წელიწადს დავასრულებთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით

გრძელდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენის პროცესი, რომლის ერთ-ერთი ინდიკატორი საგარეო ვაჭრობაა. ნოემბრის თვის საგარეო ვაჭრობის მონაცემები აჩვენებს, რომ კვლავაც ძალიან კარგი ტემპით იზრდება ექსპორტი, განსაკუთრებით ქართული ნაწარმის ექსპორტი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის შეფასებისას განაცხადა.

როგორც ნათია თურნავა აღნიშნავს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ნოემბერში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა არამხოლოდ გასული წლის, არამედ პანდემიამდელ – 2019 წლის ნოემბერში დაფიქსირებულ მონაცემებს და მას 23.6%-ით აღემატება.

„აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 26.7 პროცენტით გაიზარდა და 3,822.3 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ამავდროულად ის 12.3%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს. ამასთან, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში სავაჭრო ბრუნვა 25.2 პროცენტით გაიზარდა და 12,828.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 7.4 პროცენტით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს. ეს მონაცემები არის იმის მაჩვენებელი და საწინდარი, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, წელიწადს დავასრულებთ ისე, როგორც პროგნოზს ვაკეთებდით – ორნიშნა ეკონომიკური ზრდით“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.