ნათია თურნავა - „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ვაგრძელებთ კომუნიკაციას, მიუღებელია რადიკალური მოწოდებები, რომ პროექტი შეჩერდეს, ჩაიშალოს
ნათია თურნავა - „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ვაგრძელებთ კომუნიკაციას, მიუღებელია რადიკალური მოწოდებები, რომ პროექტი შეჩერდეს, ჩაიშალოს

„აშკარაა, რომ ჰესების მშენებლობის საკითხი საკმაოდ კომპლექსურია, რადგან თითოეულ შემთხვევაში არა მარტო მსხვილი, არამედ მცირე ჰესების შემთხვევაშიც გვხვდება პრობლემები, გნებავთ გარემოსდაცვითი კუთხით, გნებავთ მოსახლეობასთან კომუნიკაციის კუთხით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებამ სერიოზულად გაუსწრო ადგილობრივი ენერგორესურსის განვითარებას, რაც დიდი პრობლემაა და მათ შორის სხვაობა სწრაფად უნდა აღმოიფხვრას. მინისტრის თქმით, ამისთვის ერთ-ერთი მიმართულებაა მსხვილი ჰესების განვითარება და ამ თვალსაზრისით „ნამახვანი ჰესი“ ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტია.

ამასთან, მისი ინფორმაციით, ევროკავშირის ასოცირების საბჭოზე ძალიან დიდი მსჯელობა დაეთმო ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

„თუკი ჩვენ ვსაუბრობთ, რომ წყალქვეშა კაბელი უნდა აშენდეს სწორედ იმიტომ, რომ ჩვენგან მწვანე ჰიდროენერგია მიეწოდოს ევროკავშირს, ეს არის ერთ-ერთი ამოცანა, რაც ამ პროექტის მიღმა დევს“, – აღნიშნა თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად ძალიან კონკრეტული გეგმით წარსდგა, მათ შორის ქუთაისში, საპროტესტო აქციის მონაწილეებთან შეხვედრისას. მისი თქმით, „ნამახვანი ჰესის“ მოწინააღმდეგეებთან შეხვედრები მოიცავს, პირველ რიგში, ეკოლოგიასთან დაკავშირებული ყველა საკითხის, წუხილის აღმოფხვრას, ასევე პროექტის სრულყოფას და ნდობის გაჩენას.

„ამისთვის ჩვენ ვთქვით, რომ ამ ეტაპზე კაშხლის მშენებლობა არ დაიწყება, რაზეც ინვესტორთან შევთანხმდით და ყველა დაინტერესებული ექსპერტი მიიღებს მონაწილეობას ძირითადი კვლევების გადამოწმება-ვალიდაციაში, რათა ყველა დარწმუნდეს, რომ ეს კვლევები ხარისხიანად არის ჩატარებული და თუ რამეა დასამატებელი, ამისთვის დრო გვაქვს. ჩვენ ასევე ვთქვით, რომ მშენებლობის ზედამხედველობის საბჭო უნდა შეიქმნას, სადაც ქართველი ექსპერტები, ნდობით აღჭურვილი პირები ჩაერთვებიან და თვითონ მშენებლობის პროცესს მიადევნებენ თვალყურს. იმისთვის, რომ არა მარტო მთლიანად ეკონომიკას და ენერგეტიკას, არამედ კონკრეტულად რიონის ხეობას მეტი სიკეთე მოუტანოს, შეიქმნება შესაბამისი, რიონის ხეობის განვითარების ფონდი 5 მლნ ლარის ოდენობით, რომელიც ყველაზე საჭირბოროტო საკითხებს დააფინანსებს ამ ხეობაში და თავად პროექტები და ამ ფონდის მართვა უნდა წამოვიდეს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით. აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ და ვაგრძელებთ კომუნიკაციას სწორედ ამ ჩამოყალიბებული გეგმის ფარგლებში. რა თქმა უნდა, მიუღებელია რადიკალური მოწოდებები იმაზე, რომ შეჩერდეს, შეწყდეს, ჩაიშალოს, ინვესტორმა დაგვტოვოს – ამ ნაწილში ჩვენ ვერ შევთანხმდებით. ამ ოთხი პუნქტის შიგნით ვმუშაობთ და დავიწყებთ კვლევების გადამოწმებას“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.