ნათია თურნავა - „ნამახვანჰესი“ არის ქართული პროექტი, საქართველოს კუთვნილი ენერგეტიკული ობიექტი, ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების საერთო სიკეთე, რომელსაც ყველა ერთად შევქმნით
„ნამახვანჰესი“ არ არის პროექტი, რომელიც ეკუთვნის ერთ რომელიმე კომპანიას. მიუხედავად იმისა, რომ ჰესს უცხოელი ინვესტორი აშენებს, ეს არის ქართული პროექტი, საქართველოს კუთვნილი ენერგეტიკული ობიექტი, ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების საერთო სიკეთე, რომელსაც ყველა ერთად შევქმნით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შესახებ ოთხი ახალი ინიციატივის დაანონსების დროს განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ნათია თურნავას ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ ჰესის მშენებელ კომპანიასთან ერთად მიღებულ ახალ გადაწყვეტილებებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა დამოუკიდებელი, საზედამხედველო საბჭოს შექმნა, რომელიც დაკომპლექტდება მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველი ექსპერტებისგან და ასევე იმ ადამიანებისგან, რომლებიც „ნამახვანჰესის“ მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.
მინისტრის შეფასებით, საბჭოს შექმნა ადგილობრივი მოსახლეობის, მათი ნდობით აღჭურვილი სპეციალისტებისა და ექსპერტების მეტ ჩართულობას უზრუნველყოფს პროექტის განხორციელების პროცესში. შესაბამისად, ახალი საბჭო ზედამხედველობას გაუწევს პროექტს იმისთვის, რომ საბოლოოდ გამოირიცხოს მის უსაფრთხოებაზე რაიმე ეჭვები.