ნათია თურნავა - ნაადრევია საუბარი, ვინ იქნება ანაკლიის პორტის პროექტის სავარაუდო ინვესტორი, თუმცა იმედი გვაქვს, დასავლელი ინვესტორები დაინტერესდებიან
ნათია თურნავა - ნაადრევია საუბარი, ვინ იქნება ანაკლიის პორტის პროექტის სავარაუდო ინვესტორი, თუმცა იმედი გვაქვს, დასავლელი ინვესტორები დაინტერესდებიან

ეკონომიკის სამინისტრომ და „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების სააგენტომ“ მივიღეთ მთავრობისგან დავალება, უახლოეს პერიოდში განვახორციელოთ საკონსულტაციო შესყიდვა, რათა მოვამზადოთ ანაკლიასთან დაკავშირებით ინვესტორების შერჩევის კონკურენტული პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ანაკლიის პორტის ახალი ინვესტორების შერჩევის ტენდერი უახლოეს თვეებში გამოცხადდება და აღნიშნა, რომ ჩატარდება ძალიან მაღალ დონეზე ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით.

„მოგეხსენებათ, ჩვენი სამინისტროს სისტემაში შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ)„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების სააგენტო“. დღეს ჩვენმა სამინისტრომ და კერძოდ, სააგენტომ მივიღეთ მთავრობისგან დავალება, უახლოეს პერიოდში განვახორციელოთ საკონსულტაციო შესყიდვა, რათა მოვამზადოთ ანაკლიასთან დაკავშირებით ინვესტორების შერჩევის კონკურენტული პროცესი, ტენდერი და ეს ტენდერი უახლოეს თვეებში გამოცხადდება, რომელიც ჩატარდება ძალიან მაღალ დონეზე ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით. წინასწარ ვიცით, რომ შეიძლება, გამოხატული იყოს ინტერესი, განსაკუთრებით ჩვენი დასავლელი პოტენციური ინვესტორების მხრიდან და ვიმუშავებთ შესაბამის კვალიფიციურ კონსულტანტთან ერთად, რათა ეს პროცესი ძალიან სწრაფად განახლდეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ნაადრევია საუბარი, ვინ იქნება სავარაუდო ინვესტორი, თუმცა იმედოვნებს, რომ პირველ რიგში, დასავლელი ინვესტორები დაინტერესდებიან, რადგან მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ამერიკელი ინვესტორების ყოფნა სტრატეგიულ პროექტში.

„ჩვენ მივიღეთ დავალება, განვახორციელოთ საკონსულტაციო მომსახურების კონკრეტული შესყიდვა, საერთაშორისო კონსულტანტისგან, რათა უახლოეს პერიოდში დავიწყოთ როგორც ტენდერის მომზადება, ასევე უშუალოდ კონკურენტული შერჩევის პროცესი. რა თქმა უნდა, ჯერ არ იქნება სწორი, ნაადრევად ვისაუბროთ, რამდენად დიდია ინტერესი ინვესტორების მხრიდან და ვინ იქნება სავარაუდო ინვესტორი, თუმცა იმედი გვაქვს, პირველ რიგში, რომ დასავლელი ინვესტორები დაინტერესდებიან, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათ შორის ამერიკელი ინვესტორების ყოფნა უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტში. თუმცა შედეგი გამოჩნდება მას შემდეგ, რაც ჩვენ ყველა წესის დაცვით გავმართავთ ტენდერს. ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ, რათა მიუხედავად საკმაოდ დინამიური და რთული მსოფლიო ვითარებისა, ეს პროექტი იყოს კვლავაც წარმატებულად შესრულებული“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საჭიროა ინვესტორი, რომელიც დაფინანსებას მოიზიდავს.

„რაც შეეხება იმას, რა ვერ შეასრულა წინა ინვესტორმა. მოგეხსენებათ, მთავარი პირობა დაირღვა, რისთვისაც ჩვენ რეალურად გვჭირდება კერძო ინვესტორი, ეს არის დაფინანსების მოზიდვა. სახელმწიფოს მხრიდან თანადგომის, დაპირებული და გარანტირებული თანადაფინანსების, ვადების გადაწევისა და ჩვენს თავზე მთელი რიგი რისკების აღების მიუხედავად, წინა ინვესტორმა ვერ მოახერხა, შეეკრა დაფინანსება. ეს არის მთავარი ამოცანა, რისთვისაც კერძო პროექტში გვჭირდება ინვესტორი. სხვაგვარად, თავად სახელმწიფო ააშენებდა ამ პროექტს, მაგრამ ჩვენი არჩევანი არის, რომ ეს იყოს კერძო საჯარო პარტნიორობის პროექტი, სადაც სახელმწიფოც მონაწილეობს, მაგრამ დიდი როლი ეკისრება კერძო ინვესტორს. გვჭირდება ინვესტორი, რომელიც დაფინანსებას მოიზიდავს. დიდი იმედი გვაქვს, ამ ტენდერის შედეგად ასეთი ინვესტორი გამოჩნდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კითხვაზე, „პროექტის ყოფილი ინვესტორი ხშირად ამბობს, რომ ეს პროექტი რუსული პროექტის ნაწილია, რადგან რუსეთს არ აწყობს ანაკლიაში პორტი“, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ანაკლიის ყოფილი ინვესტორის მხრიდან ასეთი განცხადებები არის პოლიტიზებული და აღნიშნა, რომ სხვადახვა კონსპირაციული თეორია არის ყოფილი წარუმატებელი ინვესტორის პოლიტიკური ნარატივი.

„არ ვთვლით საჭიროდ, კიდევ ერთხელ პასუხი გავცეთ ყოფილ ინვესტორს, რადგან რასაც აცხადებს, არის სრულიად პოლიტიზებული და პოლიტიკური ნარატივი. პირველ რიგში, ვერ შესრულდა პროექტი, ეს არის ინვესტორის პასუხისმგებლობა. მთავარი ამოცანა, რაც მას ეკისრებოდა – დაფინანსების შეკვრა, ვერ მოხერხდა. ახლა, ნებისმიერი ასეთი განცხადება არის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობა. ის, რომ გვირჩევნია დასავლელი ინვესტორები, ეს არის ზოგადად ჩვენი პოლიტიკა უცხო ქვეყნის ინვესტორებთან მიმართებაში. დასავლელი, ევროპელი, ამერიკელი ინვესტორი ეს არის არა მხოლოდ ინვესტიცია, რომელიც ღირებულია, არამედ არის დასავლური ბიზნესის მართვის კულტურა, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

არბიტრაჟი მიმდინარეობს. ძალიან სამწუხაროა, რომ ყოფილმა ინვესტორმა, ერთია, რომ პროექტი ჩააგდო, დააგვიანა, თორემ ახლა ჩვენ გვექნებოდა უკვე ოპერირებადი პორტი და 600 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელებული, გარდა ამისა, გვედავება, რაც რა თქმა უნდა, არის ხელის შემშლელი ფაქტორი არასამართლებრივად. ეს სამართლებრივად ხელს ვერ შეუშლის ტენდერს, მაგრამ გარკვეულ კითხვებს ბადებს ხოლმე ზოგადად პოტენციურ ინვესტორებში. ძალიან დასანანია, რომ ყოფილმა ინვესტორმა როგორც პროექტი თვითონაც ვერ განახორციელა და შემდგომში ცდილობს, ხელი შეგვიშალოს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ გამოწვევის მიუხედავად, შევძლებთ და დავაინტერესებთ პოტენციურ ინვესტორებს. რუსული ინტერესები და ასე შემდეგ, სხვადახვა კონსპირაციული თეორია, არის ყოფილი წარუმატებელი ინვესტორის პოლიტიკური ნარატივი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის შერჩევის პროცესს უახლოეს მომავალში დაიწყებს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას ყოველთვის ჰქონდა გამოხატული უპრეცედენტო მხარდაჭერა ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ.

დატოვე კომენტარი