ნათია თურნავა მზადყოფნას გამოთქვამს, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით შეიქმნას კომისია, რომელიც ინვესტორისთვის გადაცემული მიწის საკითხს განიხილავს
ნათია თურნავა მზადყოფნას გამოთქვამს, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით შეიქმნას კომისია, რომელიც ინვესტორისთვის გადაცემული მიწის საკითხს განიხილავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მზადყოფნას გამოთქვამს „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით შეიქმნას კომისია, რომელიც ინვესტორისთვის გადაცემული მიწის საკითხს განიხილავს.

როგორც მინისტრმა ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, შესაძლებელია, რომ ამ კომისიაში პროექტის მოწინააღმდეგეთა ნდობით აღჭურვილი პირებიც შევიდნენ.

„პრობლემა თუ ის არის, რომ ეს არის უცხო ქვეყნის ინვესტორი და არა ქართველი, შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკაში ესეც მიღებული პრაქტიკაა. რიონის ხეობას თუ გაუყვებით, ჩეხურ კომპანიას „ენერგო პროს“ აქვს საკმაოდ დიდი აქტივები, შაორი, გუმათი, რიონი, თავისი წყალსაცავებით. მოიკიდა კისერზე ეს მიწა და გაიტანა ჩეხეთში თუ 6 500 კაცი დაასაქმა საქართველოში?! აქედან გამომდინარე, ყოველთვის უნდა დავაკონკრეტოთ, რა პრობლემაა. პრობლემა თუ ის არის, რომ მიწა იქნება თუ არა მიზნობრივად გადაცემული, პროცედურა რამდენად იყო დაცული, აი ამაში აბსოლუტურად გახსნილები ვართ და უფრო შორსაც წავალთ. შეგვიძლია, შევქმნათ კომისია, სადაც თქვენი ნდობით აღჭურვილი პირები მიიღებენ მონაწილეობას და გადავხედოთ თითოეულ მიწას, თუ აღმოჩნდება, რომ რაღაც არის, რაც გადის პროექტის გარეთ, კომპანიას ვალდებულება აქვს, უკან დააბრუნოს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ყველაფერი არის მაქსიმალურად დასაბუთებული. ასევე, სამომავლოდ გადასაცემ მიწის ნაკვეთებზეც შეგვიძლია ასეთივე წესით ვიაროთ“, – განაცხადა თურნავამ.