ნათია თურნავა - მზად ვართ, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით დიალოგი და დისკუსია გავაგრძელოთ
ნათია თურნავა - მზად ვართ, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით დიალოგი და დისკუსია გავაგრძელოთ

მზად ვართ, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გავაგრძელოთ დიალოგი და დისკუსია, განსაკუთრებით იმ ოთხი გადაწყვეტილების ირგვლივ, რასაც ჩვენ მივაღწიეთ კომპანიასთან, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მან განმარტება გააკეთა გუშინ ქუთაისში გუშინ დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით, სადაც, როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, სამუშაო ფორმატში ექსპერტებისა და კონკრეტული მიმართულების სპეციალისტების ჩართულობით „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულების დეტალური განხილვა უნდა მომხდარიყო, თუმცა ოპონენტების გადაწყვეტილებით ჩაიშალა.

„შეხვედრა იყო დაგეგმილი სწორედ ასეთ ფორმატში, რომ ყოფილიყო კონკრეტული მსჯელობა ხელშეკრულების დეტალებზე. სწორედ ამიტომ, რადგან ვიცოდით დღის წესრიგი, ჩავედით ორი მინისტრი საკმაოდ დიდი გუნდით, ჩვენი სამინისტროების ათამდე წარმომადგენელი სპეციალისტი, ვინც უშუალოდ იყო ჩართული ხელშეკრულების მოლაპარაკებაში, შედგენაში, კვლევების მომზადებაში და მზად ვიყავით სწორედ ასეთი საგნობრივი განხილვისთვის. უფრო მეტიც – შეხვედრის დასაწყისში მე და ბატონმა ლევანმა გავახმოვანეთ უკვე კონკრეტული გადაწყვეტილებები, რასაც მივაღწიეთ კომპანიასთან და პასუხობდა წინა დღეებში მოსახლეობასთან კომუნიკაციის შედეგად გამოკვეთილ წუხილებს; ეს ეხება იგივე კვლევებს და კაშხლის მშენებლობის გადადებას, ეს ეხება ხეობის განვითარების ფონდის შექმნას, ქართველი დირექტორის დანიშვნას, საზედამხედველო საბჭოს შექმნას და ა.შ. მოლოდინი გვქონდა, რომ შემდეგ უკვე სპეციალისტები დასხდებოდნენ და შინაარსზე ორიენტირებულ დისკუსიას წარმართავდნენ. აქედან გამომდინარე, ეს არ ყოფილი შეხვედრის დემონსტრაციულად დატოვება ნამდვილად. ბატონი ლევანი მობრუნდა კიდეც და თქვა, რომ ჩვენ გტოვებთ სპეციალისტებთან ერთად და გთხოვთ განიხილოთ ეს საკითხები. სამომავლოდ, ჩვენ მზად ვართ, რაკიღა მაინცდამაინც მინისტრებიდან უნდათ გარკვეული პასუხების მოსმენა, თუმცა ეს არ არის ყოველთვის პროდუქტიული ფორმატი, მაგრამ მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ ეს დიალოგი და დისკუსია, განსაკუთრებით იმ ოთხი პუნქტის ირგვლივ, ოთხი გადაწყვეტილების ირგვლივ, რასაც ჩვენ მივაღწიეთ კომპანიასთან და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბევრად უფრო გააუმჯობესებს პროექტს და უფრო წარმატებულს გახდის მას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, მისი სურვილია, რომ ქუჩიდან სულ მალე ეს საუბრები გადაინაცვლებს უფრო სრულყოფილად სამუშაო ფორმატებში.

„აქ ჩვენ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ორი რამ. ერთი არის დიალოგის სურვილი, რათა პროექტი უკეთესი გახდეს და ბევრი წუხილი, რაც არის, იყოს გათვალისწინებული და ამას ყოველთვის მივესალმებით, მეორე ნაწილი არის, რომ პროექტი არ გვინდა, რადგან საერთოდ ჰესი არ გვინდა, ჰესები არ გვინდა – ამ მსჯელობაში რა თქმა უნდა, ვერ შემოვყვებით, თუმცა მზად ვართ, რომ ავხსნათ, რამდენად დამაზიანებელია ქართული ეროვნული ინტერესებისთვის საკუთარი ენერგორესურსების არგანვითარება და იმპორტზე მზარდი დამოკიდებულება. ასევე მინდა გამოვთქვა სურვილი, რომ ქუჩიდან სულ მალე ეს საუბრები გადაინაცვლებს უფრო სრულყოფილად სამუშაო ფორმატებში. ამისთვის ჩვენ მზად ვართ“, – განუცხადა თურნავამ საქართველოს პირველ არხს.