ნათია თურნავა - მსოფლიო ბანკის ჩართულობით, ნახევარი მილიონი ჩვენი მოსახლე, რთულად მიღწევად დასახლებებშიც კი მიიღებს მაღალი ხარისხის ინტერნეტს
ნათია თურნავა - მსოფლიო ბანკის ჩართულობით, ნახევარი მილიონი ჩვენი მოსახლე, რთულად მიღწევად დასახლებებშიც კი მიიღებს მაღალი ხარისხის ინტერნეტს

მსოფლიო ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, 40 მილიონ დოლარამდე თანხით დააფინანსოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი – იგივე „ლოგ ინ ჯორჯია“, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ათასამდე დასახლებულ პუნქტში, მათ შორის ტექნიკურად რთულად მიღწევად დასახლებებში გვექნება ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი, მაღალი ხარისხის ინტერნეტი, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მინისტრის თქმით, დაახლოებით ნახევარი მილიონი მოსახლე, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დაშორებულია მათი საცხოვრებელი ადგილი მსხვილი ქალაქებიდან, მიიღებს ძალიან მაღალი ხარისხის ინტერნეტს.

„ეს პროექტი არამხოლოდ ზრდის ინტერნეტით სარგებლობას, არამედ ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, რადგან განსაკუთრებით კოვიდისა და შემდგომ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია დისტანციური მუშაობის რეჟიმი, დიჯიტალიზაცია და აქედან გამომდინარე, ეს ახალი შესაძლებლობაა ადამიანებისთვის სახლიდან გაუსვლელად იყვნენ დასაქმებულები. ეს არის ახალი შესაძლებლობა ასევე ტურიზმისთვის და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ინდუსტრია მალე დაუბრუნდება დადებით დინამიკას. გარდა ამისა, ეს არის ონლაინ-განათლებისთვის ახალი შესაძლებლობები, ეს არის ჩვენი მომავალი. ამ თვალსაზრისით ბევრ ქვეყანას ერთი ნაბიჯით ვასწრებთ, რადგან რთულად მიღწევად ადგილებშიც კი გვექნება ისეთი ხარისხის ინტერნეტი, როგორიც გვაქვს თბილისში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.