ნათია თურნავა - მოლების წარმომადგენლებმა უკეთ უნდა მოიფიქრონ, როგორ მართონ აჟიოტაჟური მოთხოვნა, რომელიც შესაძლოა, ფასდაკლების აქციამ გამოიწვიოს, უნდა დაგვარწმუნონ, რომ პროცესის მართვა შეუძლიათ
ნათია თურნავა - მოლების წარმომადგენლებმა უკეთ უნდა მოიფიქრონ, როგორ მართონ აჟიოტაჟური მოთხოვნა, რომელიც შესაძლოა, ფასდაკლების აქციამ გამოიწვიოს, უნდა დაგვარწმუნონ, რომ პროცესის მართვა შეუძლიათ

მივიღეთ გააზრებული და ოპტიმალური გადაწყვეტილება, მოლების წარმომადგენლებმა ეპიდემიოლოგების არგუმენტები თავად მოისმინეს, ჩვენ მათი პრობლემები გავითვალისწინეთ, საშუალებას ვაძლევთ, რომ წინასაახალწლო პერიოდში, 24 დეკემბრიდან ივაჭრონ,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა დარწმუნდნენ, რომ ისინი ახერხებენ პროცესის მართვას, როგორც მოლის ტერიტორიაზე, ასევე გარეთ, რიგების მართვის თვალსაზრისით.

„შეზღუდვების დაწესებამდე ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდა განსაკუთრებით იმ დარგების წარმომადგენლებთან, ვისაც შეეხო შეზღუდვა, მათ შორის მოლებთანაც. იყო შეხვედრა ეკონომიკური ბლოკის მინისტრების, პრემიერის დონეზე და მივიღეთ გააზრებული და ოპტიმალური გადაწყვეტილება. მოლების წარმომადგენლებმაც თავად მოისმინეს ეპიდემიოლოგების არგუმენტები. ჩვენ ყოველთვის გვაქვს კომუნიკაცია, არასდროს გვაქვს შეხვედრის პრობლემა. ჩვენ მათი პრობლემები გავითვალისწინეთ. ზოგადად, ეს მათი პრობლემა არ არის, ეს არის ეკონომიკის პრობლემა. ჩვენ მათ საშუალებას ვაძლევთ, რომ წინასაახალწლო პერიოდში, 24 დეკემბრიდან მოყოლებული, ივაჭრონ.

გარდა ამისა, ის სურათი, რაც ყველამ ვიხილეთ, შეზღუდვების დაწესებამდე ერთი დღით ადრე, აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა ფასდაკლებების გამო, გვაფიქრებინებს, რომ მოლებიც დიდი გამოწვევის წინაშე დგანან იმ თვალსაზრისით, რომ მათ უკეთ უნდა მოიფიქრონ, თუ როგორ მართონ აჟიოტაჟური მოთხოვნა, რომელიც შეიძლება, ფასდაკლების აქციამ გამოიწვიოს.

ეს აქტუალური იქნება 24 დეკემბრის შემდეგაც. უნდა დაგვარწმუნონ, რომ ამ პროცესის მართვა შეუძლიათ, რადგან ყოვლად მიუღებელი სურათი იყო, რომელიც ეპიდემიოლოგიურად საფრთხეს შეიცავს. ამ ვითარებამ კიდევ ერთხელ გააკეთა იმის დემონსტრირება, თუ რატომ მიიჩნევა მთელ მსოფლიოში, რომ სწორედ მოლები, რესტორენები არის მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ქმნის ადამიანების მობილობას. ელემენტარული ფასდაკლების აქციამ გამოიწვია საკმაოდ საფრთხის შემცველი ვითარება. აქედან გამომდინარე, ეს ყოველთვის არის ორმხრივი პროცესი. ერთი, რომ მთავრობა მაქსიმალურად ითვალისწინებს ბიზნესის, მათ შორის მოლების მოთხოვნებს, მეორე მხრივ, ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ისინი პასუხისმგებლიანად უდგებიან ამ პროცესს და ახერხებენ მის მართვას არა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე, არამედ თუნდაც გარეთ რიგების მართვას. ამ კონტექსტში ჩვენ მზად ვართ მათთან სასაუბროდ“, – განაცხადა თურნავამ.