ნათია თურნავა - მნიშვნელოვანია, სავალუტო ფონდთან ძლიერი თანამშრომლობა გაგრძელდეს, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ყველა გაუგებრობა აღმოიფხვრას და ეფექტიანი თანამშრომლობა გავაგრძელოთ
ნათია თურნავა - მნიშვნელოვანია, სავალუტო ფონდთან ძლიერი თანამშრომლობა გაგრძელდეს, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ყველა გაუგებრობა აღმოიფხვრას და ეფექტიანი თანამშრომლობა გავაგრძელოთ

ქვეყნისა და ეროვნული ბანკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სავალუტო ფონდთან ძლიერი, ეფექტური, მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდეს. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს და ეროვნული ბანკის გამოცდილი პარტნიორია.

„მისი საქართველოში ყოფნა და ჩვენთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ბევრი სხვადასხვა რისკის, გამოწვევის, გარერისკის, გაურკვევლობის ფონზე. იმავე საბანკო სისტემაში რეფორმების განხორციელების, მეტი გამჭვირვალობისთვის. აქედან გამომდინარე, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათთან მჭიდრო თანამშრომლობა გავაგრძელოთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც თურნავამ აღნიშნა, ეროვნული ბანკი სხვა საერთაშორისო პარტნიორებთანაც გააძლიერებს თანამშრომლობას.

„გავაძლიერებთ თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, სხვადასხვა განვითარებული ქვეყნის საბანკო დაწესებულებებთან ყველა მიმართულებით. ეს იქნება რეფორმები, რომლებიც მათი დახმარებით ტარდება და დაწყებულია, მათ შორის ევროს ერთიანი გადახდის არეალზე მიერთება, რომელიც გასულ წელს ეროვნული ბანკის მიერ იყო დაინიცირებული. ამ პროცესს წარმატებით დავასრულებთ. რასაკვირველია, ვითანამშრომლებთ და გავაგრძელებთ ყველა იმ რეგულაციის, შეზღუდვის დაცვას, რაც შემოღებული იყო აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის აგრესიის, რუსეთ-უკრაინის ომის პირველივე დღიდან. ჩვენი საბანკო სისტემა იცავს ამ შეზღუდვებს, ეროვნული ბანკი ყოველთვის ახორციელებდა მონიტორინგს და ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ“, – განაცხადა თურნავამ.

კითხვაზე, დგას თუ რა ქვეყნისთვის სავალუტო ფონდის პროგრამების შეჩერების რისკი, საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ საკითხს ასე არ დააყენებდა.

„ჩემი პოზიცია კანონთან დაკავშირებით ყოველთვის ეს იყო, რასაც ახლა ვამბობ. საჯაროდ ეს აქამდე არასდროს გამომიხატავს. დიახ, იყო კითხვები და გვესმის სავალუტო ფონდის წუხილი. გარკვეულწილად, ეს იყო ეროვნული ბანკის ყოფილი მენეჯმენტის პოზიციაც, რომ წინასწარი კომუნიკაცია, მეტი კონსულტაცია უნდა ყოფილიყო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ამ კანონმა გაცილებით დიდი პრობლემა მოხსნა. კონკრეტულად გითხარით, დეკემბერში, როდესაც არჩილ მესტვირიშვილს გუნდში ყოფნის ვადა უმთავრდება, რა ხდება ამ დროს, ძველი კანონი ამის შესახებ არაფერს ამბობდა. ახლა როგორც ბევრ სხვადასხვა უწყებასა და სტრუქტურაში ხდება, კანონით იქნება გაწერილი ეს მემკვიდრეობითობა. სავალუტო ფონდთან ვაპირებთ თანამშრომლობას, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ყველა გაუგებრობა აღმოიფხვრას და მათთან ეფექტიანი თანამშრომლობა გავაგრძელოთ. მე ასე საკითხებს არ დავაყენებდი (პროგრამების შეჩერებაზე). ის სტრუქტურული ცვლილებები, რომლებიც ეროვნულ ბანკში მოხდა, გარანტიაა, რომ ეროვნული ბანკის მენეჯმენტი ნებისმიერ ვითარებაში იქნება სტაბილური, როდესაც ეროვნულ ბანკს არ ჰყავს პრეზიდენტი. იმედი მაქვს, სავალუტო ფონდსაც დეტალურად ავუხსნით ამას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.