ნათია თურნავა - მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი დადებითად აფასებს ბიზნეს კლიმატს და მათი მხრიდან პოზიტიური მოლოდინები ფიქსირდება
ნათია თურნავა - მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი დადებითად აფასებს ბიზნეს კლიმატს და მათი მხრიდან პოზიტიური მოლოდინები ფიქსირდება

მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი გრძნობს და დადებითად აფასებს ბიზნეს კლიმატს და მათი მხრიდან პოზიტიური მოლოდინები ფიქსირდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინდექსის 2021 წლის მესამე კვარტლის კვლევის შეფასებისას განაცხადა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კვლევის თანახმად, გამოკითხულმა კომპანიებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინები დადებითად შეაფასეს.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, გასულ თვეებში ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი დადებითად აისახა ბიზნესის მიერ არსებული მდგომარეობის შეფასებაში – 2021 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელმა, 13 ქულით გაუმჯობესების შედეგად, დადებითი 10.8 ქულა შეადგინა.

ნათია თურნავას თქმით, ის, რომ საქართველოში უმჯობესდება ბიზნესგარემო და საკმაოდ სწრაფად, მაღალი ტემპებით მიდის ეკონომიკის აღდგენა, ასევე ასახულია საქსტატის ბოლო პერიოდის მონაცემებშიც, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამას თავად ბიზნესიც გრძნობს, დადებითად აფასებს ბიზნეს კლიმატს და დადებითი მოლოდინები აქვს.

„ბიზნეს ასოციაციის კვლევა აჩვენებს, რომ ბიზნესი ორიენტირებულია, სამომავლოდ მშვიდობიანად გააფართოოს თავისი საქმიანობა, მეტი პროდუქცია აწარმოოს, მეტი სამუშაო ადგილი შექმნას, ახალი ინვესტიციები განახორციელოს და ამისთვის რისკებს ვერ ხედავს. ეს ასევე ასახულია საერთაშორისო რეიტინგებშიც და ჩვენ ამას ჩვენი პოლიტიკით უზრუნველვყოფთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

დატოვე კომენტარი