ნათია თურნავა - მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტი დროულად განხორციელდება, უახლოეს პერიოდში დასრულდება ტენდერი, რომელშიც ძალიან ცნობილი ჯგუფი იმარჯვებს
ნათია თურნავა - მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტი დროულად განხორციელდება, უახლოეს პერიოდში დასრულდება ტენდერი, რომელშიც ძალიან ცნობილი ჯგუფი იმარჯვებს

მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტი დროულად განხორციელდება. უახლოეს პერიოდში დასრულდება ტენდერი, რომელშიც ძალიან ცნობილი ჯგუფი იმარჯვებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტს საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან ცალსახა მხარდაჭერა აქვს, რათა ის 2024 წელს დასრულდეს.

„გაზსაცავის მშენებლობა არის ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც მხარს ვუჭერთ ჩვენ და ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები.

ჩვენ კვლავაც ვადასტურებთ, რომ ეს პროექტი შედგება დროულად. მეტიც, უახლოეს პერიოდში დასრულდება საერთაშორისო ტენდერი და ძალიან ცნობილი ჯგუფი იმარჯვებს ამ ტენდერში. საკმარისი რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ ამ პროექტის პირველი ეტაპი დროულად დაიწყოს,  წელიწად-ნახევარი დასჭირდება ამას. ასევე, საკმარის რესურსს მოვიპოვებთ საფინანსო ინსტიტუტებისგან, რათა ეს პროექტი 2024 წელს დასრულდეს, როგორც დაანონსებული იყო.

ეს პროექტი იმდენად მნიშვნელოვანი და სტრატეგიულია, რომ  საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან ცალსახა მხარდაჭერა გვაქვს. ცხადია, შემდგომშიც მხარს დაგვიჭერენ, რომ დავასრულოთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

გაზსაცავის პროექტი საპარტნიორო ფონდმა ჯერ კიდევ 2014 წლის ოქტომბერში წარადგინა. პროექტის დაწყება რამდენჯერმე გადავადდა. მისი მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 220-250 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

ბოლო მონაცემებით, მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა თბილისთან ახლოს, სამგორის სამხრეთი თაღის დაცლილ, დამუშავებულ ნავთობის საბადოზე  განხორციელდება და მასში 300 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი.

საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის განვითარების ფარგლებში უკვე მომზადდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და შესაბამისი საინჟინრო-ტექნიკური დოკუმენტაცია. ამჟამად მიმდინარეობს სამშენებლო კომპანიის შერჩევის პროცედურები საერთაშორისო შესყიდვების წესების შესაბამისად.

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ წარმატებით აგრძელებს მოლაპარაკებებს ევროპის საინვესტიციო ბანკთან მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისთვის საჭირო დამატებითი 100 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვის თაობაზე. გაზსაცავის სამშენებლო სამუშაოების დარულება 2024 წელს იგეგმება.