ნათია თურნავა - ბიზნესვიზიტორებს ვთავაზობთ ორ ალტერნატივას, შეუძლიათ არჩიონ ორკვირიანი კარანტინი ან რეგულარული „პისიარ“ ტესტირება
ნათია თურნავა - ბიზნესვიზიტორებს ვთავაზობთ ორ ალტერნატივას, შეუძლიათ არჩიონ ორკვირიანი კარანტინი ან რეგულარული „პისიარ“ ტესტირება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მეტი ინვესტორის მოსაზიდად, ქვეყნებს შორის შეუფერხებელი მიმოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია.

მინისტრის თქმით, ბიზნესვიზიტორებს ორ ალტერნატივას სთავაზობენ:

„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ბიზნესვიზიტორებთან დაკავშირებით. იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ეკონომიკაში ისევ აღმავალ ტრენდს, განხორციელდეს ჩვენი პრაქტიკული საინვესტიციო პოლიტიკა, რათა მოვიზიდოთ მეტი ინვესტორი, რა თქმა უნდა, ქვეყნებს შორის შეუფერხებელი მიმოსვლა ბიზნესვიზიტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

აქედან გამომდინარე, ბიზნესვიზიტორებს ვთავაზობთ ორ ალტერნატივას – თუ ხანგრძლივი დროით ჩამოდიან, შესაძლოა, არჩიონ ორკვირიანი კარანტინი თავისი ხარჯით, მაგრამ შესანიშნავ მომსახურებას ვთავაზობთ საქართველოს სხვადასხვა წერტილში, ჩვენს სასტუმროებში, ან თუ უფრო მოკლევადიანი ვიზიტია, შეიძლება, აირჩიონ რეგულარული „პისიარ“ ტესტირება, სამ დღეში ერთხელ ჩაიტარებენ „პისიარ“ ტესტს პირველი 14 დღის განმავლობაში.

როგორც წესი, უფრო ნაკლები დროით ჩამოდის ბიზნესვიზიტორი, რადგან დრო ძალიან ძვირად ფასობს. აქედან გამომდინარე, ალბათ ამ მეორე ოფციას აირჩევს, ჩაიტარებს რამდენიმე „პისიარ“ ტესტს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველოში საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად, წინასწარ შესაბამისი ფორმის შევსებისა და დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით განხორციელდება.