ნათია თურნავა - მედიკამენტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება არის მაგალითი, როცა წმინდა ეკონომიკური ბერკეტის გამოყენებით მივიღებთ ძალიან დადებით სოციალურ ეფექტს
ნათია თურნავა - მედიკამენტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება არის მაგალითი, როცა წმინდა ეკონომიკური ბერკეტის გამოყენებით მივიღებთ ძალიან დადებით სოციალურ ეფექტს

მედიკამენტებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით მივიღებთ ძალიან დადებით სოციალურ ეფექტს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.

„მედიკამენტებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არის კლასიკური მაგალითი იმისა, როცა წმინდა კლასიკური ეკონომიკური ბერკეტის გამოყენებით მიღებული იქნება ძალიან დადებითი სოციალური ეფექტი. აქამდე, კონკურენცია ხელოვნურად იყო შეზღუდული და ხელოვნურად შეზღუდულმა კონკურენციამ გამოიწვია ის, რომ თანაბარი ხარისხის, დასახელებისა და ზემოქმედების მედიკამენტი სამი-ოთხჯერ იაფი ღირდა აგერ, მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში, რომელთანაც ზოგადად ლიბერალური, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს და გაცილებით ძვირი ღირდა საქართველოში, რაც ნონსენსია. აქედან გამომდინარე, ლოგიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ გაიხსნას ბაზარი“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, მედიკამენტი არის პირველადი აუცილებლობის პროდუქცია და აქ ამოსავალი წერტილი უნდა იყოს მომხმარებლის ინტერესების დაცვა.

„დაუშვებელია პოლიტიკური, ასე ვთქვათ, სპეციალური ბერკეტების შექმნა და ხელოვნურად ჩაკეტვა. ეს იწვევს სხვადასხვა მახინჯ პრაქტიკას. მაგალითად, იყო ასეთი პრაქტიკა, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები იძულებული იყვნენ, თურქეთში გადასულიყვნენ და იქ შეეძინათ მთელი რიგი მედიკამენტები. ეს, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყანაში მგზავრობასთან იყო დაკავშირებული, მაინც გაცილებით სარფიანი იყო მათთვის. ისინი მედიკამენტებს იძენდნენ თავისთვის, ახლობლებისთვის და ეს აბსოლუტურად არანორმალური ვითარება იყო. ახლა, ამ გადაწყვეტილებამ უკვე გამოიწვია ის, რომ დადებითი მოლოდინები გაჩნდა და თქვენ ნახავთ, რომ სულ რამდენიმე ხანში კონკურენცია გაფართოვდება. ეს სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი მედიკამენტების ფასებსაც დაარეგულირებს. სხვაგვარად, არ შეიძლება, იყოს“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნებისმიერი თვალთახედვით არის სწორი და ამ გადაწყვეტილებით, მედიკამენტების ადგილობრივი წარმოება მხოლოდ გაჯანსაღდება.

„ხელოვნურად, ასე ვთქვათ, პროტექციონიზმით და რაღაცის დაცვით ვერასოდეს განავითარებ შენს დარგს. კონკურენცია ამ შემთხვევაში უკეთესიც არის, რადგან უფრო მეტად ფორმაში ამყოფებს ადგილობრივ მწარმოებელს და აქედან გამომდინარე, აქ მხოლოდ დადებით ეფექტს ვხედავ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.