ნათია თურნავა კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა 
ნათია თურნავა კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დღეს საქართველოს საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საბანკო სექტორში არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები, განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით.

როგორც „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე იმ მექანიზმების შესახებ ისაუბრეს, რომლის გამოყენებაც არსებულ ვითარებაშია შესაძლებელი.

მისი თქმით, განხილულ იქნა დარგის სხვადასხვა გამოწვევები, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით.

„განვიხილეთ ის მექანიზმებიც, რომლებიც შეიძლება, იყოს გამოყენებული, განსაკუთრებით საგარანტიო მექანიზმები. მივესალმებით ეკონომიკის სამინისტროს ამ ინიციატივას და იმედი გვაქვს, ძალიან მალე რაღაც კონკრეტულ ნაბიჯებამდე მივალთ“, – განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საბანკო სექტორის მიერ საგარანტიო სქემის ამოქმედების პერსპექტივაზე ისაუბრა ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ.

მისი განცხადებით, დღეის მდგომარეობით, საუბარია რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობაზე, უპირველეს ყოვლისა, საგარანტიო სქემის უახლოეს მომავალში ამოქმედებაზე.

„ეს მეტნაკლებად დააბალანსებს ახალი პროექტების მოთხოვნას ამ მიმართულებით. მოლაპარაკებები აქტიურად გაგრძელდება, მიმდინარე ეტაპზე კი, ვფიქრობთ, ამ მომენტში არსებული სირთულეები დაძლეული იქნება“, – აღნიშნა ძნელაძემ.