ნათია თურნავა ხორბლის იმპორტიორი მსხვილი ყაზახური კორპორაციის წარმომადგენლებს შეხვდა
ნათია თურნავა ხორბლის იმპორტიორი მსხვილი ყაზახური კორპორაციის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ყაზახეთის ხორბლის ექსპორტიორი მსხვილი სახელმწიფო კორპორაციის „პროდკორპორაციის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეს რინატ აკბერდინსა და მმართველ დირექტორს ნურბეკ დაიბეკოვს შეხვდა.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოში ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტის განხორციელების საკითხი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყახაზეთში ვიზიტისას მიღწეული შეთანხმებიდან გამომდინარე, საქართველოში მსხვილი ყაზახური კორპორაციების სამუშაო ჯგუფის ვიზიტი მიმდინარეობს, რომლის დროსაც დაგეგმილია შეხვედრები როგორც სამთავრობო უწყებებთან, ასევე მოლაპარაკებების გამართვა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტის ზრდა საქართველოს ბაზარზე მოგვცემს შესაძლებლობას, გავზარდოთ ხორბლის მარაგები.

ნათია თურნავას თქმით, ყაზახეთიდან სამუშაო ჯგუფების ვიზიტი ხორციელდება ყაზახეთის ინფრასტრუქტურული განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ერთობლივი დავალების ფარგლებში. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები ყაზახეთთან წარმატებით დასრულდება და უკვე წელს ყაზახეთიდან ხორბალი კონკურენტულ ფასად შემოვიდეს.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ხორბლის იმპორტიორთა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა.