ნათია თურნავა - იწყება წყალტუბოს განვითარების ისტორიული პროექტი, რომლის მნიშვნელობა ქვეყნისთვის ძალიან დიდია
ნათია თურნავა - იწყება წყალტუბოს განვითარების ისტორიული პროექტი, რომლის მნიშვნელობა ქვეყნისთვის ძალიან დიდია

იწყება ისტორიული პროექტი, რომლის მნიშვნელობა ქვეყნისთვის ძალიან დიდია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ წყალტუბოს განვითარების პროექტზე საუბრისას  საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„რამდენიმე ათწლეულია ეს კურორტი ძალიან სავალალო მდგომარეობაშია. მართალია, რამდენიმე ობიექტი განვითარდა, აღდგა და შეიქმნა ტურისტული ინფრასტრუქტურა, წყალტუბოს ტურისტები სტუმრობენ, მაგრამ ეს არის ხუთი პროცენტი იმ პოტენციალისა, რაც არსებობს და მისი გამოყენება მხოლოდ ამ დონეზე ხდებოდა. იწყება საკმაოდ ამბიციური პროექტი, ეს ძალიან დიდი გამოწვევაა და პარტიის თავმჯდომარემ გამოხატა სურვილი, რომ ამ გამოწვევას ისევე წარმატებით გაუმკლავდეს, როგორც აბასთუმანში აკეთებს“, – განაცხადა თურნავამ.

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში გარკვეული საყვედური ხელისუფლების მიმართ, რომ გარკვეული სივრცის განვითარების ერთიანი სტრატეგიული ხედვა არ არსებობს, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ერთიანი გეგმის გარეშე ასეთი მსხვილი ტურისტული ქალაქები არ შენდება და ერთიანი გეგმა აუცილებელი იყო, მაგრამ ეს მთავარი და გადამწყვეტი არ ყოფილა და მეორე ფაქტორი რესურსული ნაწილია. 

„ამისთვის საკმარისი არ იყო მხოლოდ გეგმა. საკმარისი არის ორი რამ, ერთად – ხედვა და რესურსი. დღეს, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ეს შემოგვთავაზა – ხედვა და რესურსი ქველმოქმედების სახით; ამ შემთხვევაში, ეს არ არის ბიზნესპროექტი და უკუგებაზე არ არის საუბარი. ეს პირველი ლოკომოტივის ფუნქციას ასრულებს იმისთვის, რათა ბიზნესს აჩვენოს, რომ აქ გარემო შეიქმნება, გეგმა ასეთი იქნება, განხორციელდება და ვისაც ამაში ჩართვის სურვილი აქვს, ჩაერთვება. ამ თვალსაზრისით კარგი მაგალითია აბასთუმნის მაგალითი, რადგან იქაც მან წამოიწყო და მერე, კერძო ბიზნესები შეუერთდნენ“, – განაცხადა თურნავამ.

პირველი არხის ანალიტიკოსის, ალექსანდრე ცაგარელის შეკითხვაზე, არის თუ არა ეკონომიკის სამინისტრო მრავალი ათწლეულის განმავლობაში იდეოლოგიური ხედვის ტყვეობაში და არის თუ არა 30-წლიანი გამოცდილება საკმარისი იმის მისახვედრად, რომ მხოლოდ დაბალი გადასახადების პოლიტიკამ არ იმუშავა, რათა წყალტუბოსა და სხვა ქალაქებში ბიზნესს ინვესტიცია ჩაედო, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ძალიან კარგად იმუშავა დაბალმა გადასახადებმა, ბიზნესის სიმარტივემ, ლიბერალიზაციამ და ყველაფერმა იმან, რამაც საქართველო სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში ტოპ ათეულში გაიყვანა.

„ჩემი აზრით, ამან ძალიან კარგად იმუშავა. იმუშავა თუნდაც, ისე, რომ ჩვენ დღეს გვაქვს 4,6-დან 5%-მდე ეკონომიკური ზრდა, რაც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურია. ეკონომიკური ზრდა სხვადასხვა პერიოდში ინვესტიციებით იყო გამოწვეული, სხვადასხვა პერიოდში ექსპორტით, მაგრამ ეს ასახავს სწორედ იმას, რომ ამან იმუშავა. მუშაობს თუ არა ეს ასე ყოველთვის? რა თქმა უნდა, არა, რადგან გააჩნია დარგს და სექტორს“, – განაცხადა თურნავამ.

შეკითხვაზე, რომ არა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება, როგორ აპირებდა ხელისუფლება მომავალი ათწლეულების განმავლობაში წყალტუბოსა და აბასთუმნის განვითარებას, ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მცდელობას არ აკლებდა, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო და ალბათ, ეს გაკეთდებოდა, მაგრამ გაცილებით გვიან.

„რისკი იქ გაცილებით მაღალია და მხოლოდ ის, რომ დუინგ ბიზნესში მეშვიდე ადგილზე ვართ და დაბალი გადასახადები გვაქვს, საკმარისი ფაქტორი არ არის. ეს მართლაც ასე გამოჩნდა. იმ დარგებში, სფეროებში და ტერიტორიებზე, სადაც რისკი მაღალია, უნდა მოხდეს ამ რისკის გაზიარება. ამ შემთხვევაში, ბატონმა ბიძინამ თავის თავზე აიღო ამ რისკების გამზიარებლის ფუნქცია და ბიზნესს შესთავაზა, რომ ის პირველი ჩადებს თავის ინვესტიციას; ის მზად არის, ეს დესტინაცია მთლიანად საკუთარი სახსრებით, ქველმოქმედებით სახით ააღორძინოს. თუ ბიზნესი ამაში აჰყვება და დაინახავს, რომ თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობს, როგორც აბასთუმანში მოხდა, მაშინ ეს იქნება ერთობლივი თანამშრომლობა და ბიზნესი უკეთ იგრძნობს თავს“, – განაცხადა თურნავამ.