ნათია თურნავა - ივენთ კომპანიებს საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ჩართვის და საბანკო პროცენტის დაფინანსების მიღების შესაძლებლობა ექნებათ
ნათია თურნავა - ივენთ კომპანიებს საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ჩართვის და საბანკო პროცენტის დაფინანსების მიღების შესაძლებლობა ექნებათ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ივენთ-კომპანიები დაემატა პანდემიის შედეგად დაზარალებულ იმ ბიზნეს სუბიექტებს, რომლებსაც ხელისუფლება პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ეხმარება, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, „აწარმოე საქართველოში“ შეტანილი ცვლილებების შედეგად, ივენთ – კომპანიები შეძლებენ, ჩაერთონ საკრედიტო – საგარანტიო სქემაში, რაც მათ მნიშვნელოვნად დაეხმარება პანდემიის შედეგად წარმოშობილი პრობლემების მოგვარებაში.

„არაერთი შეხვედრა გავმართეთ ივენთ-კომპანიების წარმომადგენლებთან და შევისწავლეთ მათ წინაშე არსებული გამოწვევები. შედეგად, მოვახდინეთ ცვლილების ინიცირება პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ და მათთვისაც, მცირე და საოჯახო სასტუმროების მსგავსად, 12 თვის განმავლობაში საბანკო კრედიტის პროცენტის სუბსიდირება მოხდება. ერთი მხრივ, ჩვენ ვაძლევთ საშუალებას ამ ტიპის საქმიანობით დაკავებულ კომპანიებს, ჩაერთონ საკრედიტო-საგარანტიო სქემაში და თანაუზრუნველყოფაში დავუდგებით ბანკებთან, იქნება ეს არსებული სესხების რესტრუქტურირება თუ ახალი სესხების მოზიდვა, ამავდროულად ამ კომპანიებს დავუსუბსიდირებთ 12 თვის განმავლობაში ბანკის პროცენტს, რაც შეარბილებს მათ წინაშე არსებულ პრობლემებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.