ნათია თურნავა ისრაელის სახელმწიფოს ელჩს, რან გიდორს შეხვდა
ნათია თურნავა ისრაელის სახელმწიფოს ელჩს, რან გიდორს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რან გიდორს შეხვდა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2020 წლის იანვრიდან იკავებს. შეხვედრას ასევე მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე დაესწრო.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში აქტიურად ვითარდება ისრაელსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობა ყველა ძირითადი მიმართულებით, განსაკუთრებით ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, განათლებისა და ხალხთაშორისი კავშირების სფეროებში.

„ითქვა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ისრაელთან პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარება, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ქართველი და ისრაელის ხალხების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის კონტექსტში“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, ორმხრივ ვაჭრობაზე საუბრისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ დღეს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ვაჭრობის მაჩვენებელი რეალურად ვერ ასახავს არსებულ დიდ სავაჭრო პოტენციალს.

მისი თქმით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება საქართველოსა და ისრაელის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ამდენად, მოლაპარაკებების დროულად დაწყება ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალ საფეხურზე აიყვანს და ორივე ქვეყნისთვის ურთიერთსასარგებლო შედეგებს მოიტანს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დასკვნით ეტაპზეა ერთობლივი კვლევის შემუშავება, რომელიც ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობას შეეხება.

„ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ინვესტიციების, ინოვაციების, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროებში. კერძოდ, აღინიშნა, რომ ისრაელი მეშვიდე ადგილზეა ტოპ-15 ვიზიტორ ქვეყანას შორის – 2019 წელს საქართველოში 205 ათასზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა, რომელიც წინა წელთან შედარებით 31 პროცენტით მეტი იყო. ითქვა, რომ ისრაელიდან ტურისტული ნაკადების ზრდას ხელი შეუწყო პირდაპირმა ავიამიმოსვლამ“, – აღნიშნავს ეკონომიკის სამინისტრო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ისრაელის სახელმწიფოს ელჩს სამომავლო საქმიანობასა და ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების საქმეში წარმატება უსურვა.