ნათია თურნავა - ინდოეთთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების მხრივ დამაიმედებელი პროგნოზია
ინდოეთთან ჯერჯერობით გაფორმებული არ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, მაგრამ ძალიან დამაიმედებელი პროგნოზია. გუშინაც შედგა ელჩის შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და ეს ინფორმაცია გაჟღერდა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, ორივე მხარეს აქვს მომზადებული მიზანშეწონილობის კვლევა, რომელმაც ძალიან პოზიტიური სურათი გამოავლინა.
„პირველ რიგში ჩვენ, ორივე მხარემ მოვამზადეთ ე.წ. მიზანშეწონილობის კვლევა, რომელმაც გამოავლინა ძალიან პოზიტიური სურათი, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალ ვაჭრობას ძალიან დიდი პოზიტიური ეფექტი ექნება, როგორც ერთი ქვეყნისთვის, ასევე მეორე ქვეყნისთვის. უკვე გავცვალეთ ამ შეთანხმების ტექსტი და უახლოეს პერიოდში უკვე იმედი გვაქვს, რომ გადავალთ უშუალო მოლაპარაკებაზე. ეს მოლაპარაკება, პირველი რაუნდი აქამდეც იყო დაგეგმილი, უბრალოდ პანდემიამ შეგვიშალა ხელი და ახლა ვფიქრობთ, რომ უკვე აქტიურ ეტაპზე გადავალთ. ინდოეთთან კარგი ეკონომიკური ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მარტო ვაჭრობისთვის, არამედ იგივე ტურიზმისთვის. გუშინ ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ტუროპერატორებთან. 20-მდე ტუროპერატორი, ვინც საქართველოში მოღვაწეობს იყვნენ სამინისტროში და მე პირადად შევხვდი, ასევე ტურიზმის ადმინისტრაცია. მათ დაასახელეს ქვეყნები, საიდანაც ელოდებიან უკვე ამ ეტაპზე საკმაოდ მაღალი მხარჯველი კატეგორიის ტურისტებს, მათ შორის ერთ-ერთი არის ინდოეთი და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყება და წარმატებით დასრულება, რისიც ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულები ვართ ამაში, ამას კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს“, – განაცხადა თურნავამ.