ნათია თურნავა - გვსურს, საქართველოში მოპოვებული წიაღისეულის გადამუშავება ჩვენს ქვეყანაშივე ხდებოდეს
ნათია თურნავა - გვსურს, საქართველოში მოპოვებული წიაღისეულის გადამუშავება ჩვენს ქვეყანაშივე ხდებოდეს

გვსურს, საქართველოს წიაღისეული, ჩვენი ეროვნული სიმდიდრე არამხოლოდ მოპოვებული იყოს საქართველოში, არამედ მისი გადამუშავებაც მოხდეს ჩვენს ქვეყანაში, ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ახალი კომპონენტის პრეზენტაციაზე გაიმართა.

პროექტის ახალი კომპონენტი წიაღისეულის ათვისების მიზნით 100 პარალელური, სალიცენზიო აუქციონის გამოცხადებას ითვალისწინებს.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შერჩეული საინვესტიციოდ მიმზიდველი წიაღითსარგებლობის ობიექტების ჯამური საწყისი სააუქციონე ფასი 82 000 000 ლარს შეადგენს, ხოლო მოსალოდნელი ინვესტიცია 120 მილიონ ლარს აჭარბებს.

პროექტის პრეზენტაცია დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტში, ბაზალტის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა და მას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ბიზნესასოციაციების და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ნათია თურნავამ დეტალურად ისაუბრა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების აუქციონის მნიშვნელობაზე. მან საქართველოში მოპოვებული სხვადასხვა სასარგებლო წიაღისეულის ადგილზე გადამუშავებას და ძირითადი ღირებულების საქართველოში დარჩენის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„გვსურს, ქართული მარმარილო გადამუშავდეს აქ და მოხმარდეს ახალი საშენი მასალის წარმოებას, ჩვენი ბაზალტი გადამუშავდეს ქვეყანაში და მისგან ხელოვნური ბოჭკოები იწარმოებოდეს საქართველოში, ჩვენი თიხიდან იწარმოებოდეს ქართული კერამიკა და იმპორტი ჩაანაცვლოს, ჩვენი სასმელი წყალი ჩამოისხას საქართველოში და ცნობილი გახდეს უამრავ საექსპორტო ბაზარზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ამას მთავრობა სხვადასხვა პროგრამით მიაღწევს, მათ შორის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა წიაღისეულის მოპოვება-გადამუშავების პროცესში მაღალი ეკოლოგიური სტანდარტის დაცვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სალიცენზიო პირობებშიც იქნება გათვალისწინებული.

„ჩვენ უფრო მაღალ ეკოლოგიურ სტანდარტს ვთხოვთ ინვესტორებს და უფრო მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

პროგრამის ახალი კომპონენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, მაია ზავრაშვილმა მიაწოდა.