ნათია თურნავა - გვჯერა, რომ შუა დერეფანში მეზობელ ქვეყნებთან პარტნიორობით ფინანსური მომსახურების განვითარება შესაძლოა, გლობალური ფრაგმენტაციის საპირწონე პროცესი იყოს
ნათია თურნავა - გვჯერა, რომ შუა დერეფანში მეზობელ ქვეყნებთან პარტნიორობით ფინანსური მომსახურების განვითარება შესაძლოა, გლობალური ფრაგმენტაციის საპირწონე პროცესი იყოს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა SWIFT-ის მიერ ორგანიზებულ SIBOS-ის უმსხვილეს საერთაშორისო კონფერენციაზე მთავარი მომხსენებლის რანგში წარდგა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სებ-ის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა SWIFT-ის საერთაშორისო კონფერენციაზე მთავარი მომხსენებლის რანგში სებ-ის პრეზიდენტი გამოდის.

მათივე ცნობით, ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ფინანსური სერვისების სფეროში ინოვაციების დანერგვის კუთხით საქართველოს გამოცდილებასა და ხედვებზე. ამასთან, სებ-ის პრეზიდენტმა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე გაამახვილა ყურადღება შუა დერეფნის გასწვრივ, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას, რაც შედეგად ქვეყანას ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ფინანსებისა და ლოგისტიკის ბუნებრივ ხიდად აქცევს.

„რეგიონის ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები იზიარებენ ერთსა და იმავე მიდგომას, რომ რეგიონული ინტეგრაცია გლობალური ეკონომიკური ფრაგმენტაციის წინააღმდეგ ეფექტური საშუალებაა. გვჯერა, რომ შუა დერეფანში მეზობელ ქვეყნებთან პარტნიორობით ფინანსური მომსახურების განვითარება შეიძლება იყოს გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობისა და ფრაგმენტაციის საპირწონე პროცესი იყოს“, – აღნიშნა თურნავამ.

ნათია თურნავამ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და რეგიონულ ფინანსური ინტეგრაციის ინიციატივებს გაუსვა ხაზი, რომლებიც მიზნად ისახავს ფინანსური მომსახურების ინფრასტრუქტურის, მათ შორის საგადახდო სისტემებისა და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას. გარდა ამისა სებ-ს ოფიციალური განაცხადი აქვს გაკეთებული საქართველოს ერთიან ევროგადახდების სივრცეში (SEPA) წევრობაზე.

„SEPA-ში წევრობა საქართველოსთვის მნიშვნელოვან სარგებელს მოიტანს, რადგან ის ევროკავშირთან გადახდის უფრო ეფექტურ  სისტემებს უზრუნველყოფს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მზარდი სავაჭრო კავშირებისა და ორივე მიმართულებით ტრანზაქციების მოცულობის ზრდის გათვალისწინებით. რადგან შუა დერეფანი ვაჭრობასა და ტრანსპორტში სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, საქართველოს SEPA-ში ჩართვა გაზრდის რეგიონულ ფინანსურ კავშირებს. ეს საქართველოს შუა დერეფნის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის საზღვრისპირა ტრანზაქციების კარიბჭედ წარმოაჩენს, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას“, – განაცხადა მან.

ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა გლობალური სავაჭრო და ფინანსური ნაკადების ფრაგმენტაციაზე, რაც საფრთხეს უქმნის ზრდას, ფინანსურ დაკავშირებადობას და გლობალურ ეკონომიკას ახალ გაურკვევლობას მატებს. სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს და მის პარტნიორებს შეუძლიათ რეგიონალური გამოწვევები საერთო შესაძლებლობებად აქციონ ინოვაციური, უსაფრთხო და ინკლუზიური ფინანსური ეკოსისტემების შექმნით.

„ეს ძალისხმევა არა მხოლოდ გააძლიერებს ჩვენი რეგიონის უნარს, გაუძლოს გარე შოკებს, არამედ ხელს შეუწყობს გლობალურ ფინანსურ სტაბილურობას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

SIBOS-ის ყოველწლიური მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციაზე, SWIFT-ის მიერ არის ორგანიზებული და აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნების ფინანსური ინდუსტრიის წარმომადგენლებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, კონფერენციაზე იმყოფება სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროს ალექსანდრე ხაზარაძესთან და საგადახდო სისტემების დეპარტამენტის უფროს ნატალია ჭყოიძესთან ერთად.