ნათია თურნავა - გრძელვადიანი ვიზიტის მსურველებს, უცხოელებს, რომლებსაც დისტანციურად მუშაობა შეუძლიათ, ვთავაზობთ, იმუშაონ საქართველოდან
ნათია თურნავა - გრძელვადიანი ვიზიტის მსურველებს, უცხოელებს, რომლებსაც დისტანციურად მუშაობა შეუძლიათ, ვთავაზობთ, იმუშაონ საქართველოდან

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის დისტანციურად, საქართველოდან მუშაობის შეთავაზების პროგრამის ფარგლებში მთავრობა უახლოეს პერიოდში ელექტრონული პლატფორმას აამოქმედებს. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრმა მთავრობის ახალი ინიციატივა განმარტა.

„ეს კიდევ ერთი ინოვაციაა, რაზეც ვიფიქრეთ და ამ დღეებში ალბათ უკვე მიიღებს საბოლოო, ელექტრონული პლატფორმის ფორმას. ყოველდღიურ რეჟიმში ვმსჯელობთ, კიდევ რა კატეგორიის ვიზიტორები შეიძლება, მოვიზიდოთ, რათა გავხდეთ მეტად მიმზიდველი ახალი კატეგორიის ტურისტებისთვის, ვინც აქამდე შეიძლება, არ ჩამოდიოდა და არ იცოდა საქართველო, ასევე შევეწიოთ ტურისტულ ინდუსტრიას. ბოლო გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ და ამაზე ახლა ვმუშაობთ, არის ის, რომ გრძელვადიანი ვიზიტის მსურველებს, უცხოელებს, რომლებსაც შეუძლიათ დისტანციურად მუშაობა, ჩვენ ამისთვის ვთავაზობთ სწორედ საქართველოს, იმუშაონ საქართველოდან. ეს არის ე.წ „ფრილანსერების“ (თვითდასაქმებულები) კატეგორია, ანუ ვინც დასაქმებული არიან და სხვადასხვა კომპანიას ან ფიზიკურ პირებს აწვდიან თავის სერვისებს საზღვარგარეთ, შეუძლიათ,  ეს ონლაინ გააკეთონ სწორედ საქართველოდან, ჩვენი კომფორტული და უსაფრთხო გარემოდან; ასევე ადამიანები, რომლებსაც თავისი დამსაქმებელი, კორპორაცია უშვებს დისტანციური რეჟიმით სამუშოდ, ეს დისტანცია შეიძლება, იყოს საქართველოსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის. ჩამოვიდნენ აქ, ისრგებლონ საქართველოში არსებული პირობებით, საუკეთესო პირობებით როგორც სამუშაოდ, ასევე რელაქსისთვის, იმოგზაურონ და იმუშაონ აქედან. შესაბამისი ელექტრონული პლატფორმა ამ დღეებში ამოქმედდება და ეს კიდევ ერთი კატეგორიაა ადამიანების, რომლებიც საქართველოში შემოვლენ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მთავრობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დისტანციურად, საქართველოდან მუშაობის შესაძლებლობას სთავაზობს.